მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას, რა
ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს. პოლიტიკური სტაბილურობა,
რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი იყო, საფრთხის წინაშე
დგას, შანსი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა
და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ნაკლებია. ოპოზიციამაც
და ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს, რომ არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ
ვითარებაში ჩატარდეს - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ყოფილმა
ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე მგონი მოლაპარაკებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას
შორის რაუნდებად მიმდინარეობდა, პერსპექტივა აქვს ძალიან ნაკლები.
იქიდან გამომდინარე რომ ბატონი უგულავას დაპატიმრება, ვფიქრობ, რომ
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ოპოზიციისთვის და მათი არგუმენტები, რომ
მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნის დროს დააპატიმრეს ერთ-ერთი ლიდერი,
ეს არის ისეთი არგუმენტი, რომელიც მოლაპარაკების ჩაშლას მათი მხრიდან
უფრო მაღალი ალბათობით, შესაძლებელს ხდის.
მე, რასაც ვხედავ, რა პოლიტიკიური პროცესებიც მიდის ქვეყანაში, მშვიდი
პერიოდი არჩევნებამდე ჩვენ არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას, რა
ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს, იმიტომ, რომ საქართველო და
მისი პოლიტიკური ცხოვრება ამ წუთას არის სრულიად არასტაბილური და
ნამდვილად წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდება.
დაძაბულობის პიკი როგორი იქნება. ძალიან დაიძაბა ვითარება და
ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი. პოლიტიკური სტაბილურობა,
რომელიც იყო „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი საფრთხის წინაშე
დგას. იპოზიციის პოზიციები მას შემდეგ, რაც პროპორციული არჩევნების
თემა ჩავარდა, არის გაძლიერებული და ხელისუფლების პოზიციები
შესუსტებულია. ყველას ვალია, მათ შორის ოპოზიციის, ხელისუფლებისაც,
რომ როგორმე სიტუაციის დამშვიდებისკენ გადაიდგას ნაბიჯები“,
- განაცხადა ძიძიგურმა.