რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას
ნატოში, სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას
ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა The
Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაური ასევე საუბრობს თურქეთის ხელისუფლების მაღალი
რანგის წარმომადგენელთა მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ნატო-ში
გაწევრიანების კუთხით.
„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატო-ში საქართველოს
დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა
შავ ზღვაზე უსაფრთოების და ნატო-ს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე
პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა
თურქეთისა და ნატო-ს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების
მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი
ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ
ცენტრს. ნატო-ს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატო-ს
სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში ჩვენი შესვლის წინაშე
არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, - აცხადებს
პრემიერი.
აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.