საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები სტრასბურგში,
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე,
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ კლარა დობრევს შეხვდნენ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის
ინფორმაციით, "ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერთან საინტერესო საუბარი
შედგა. მათი და ჩვენი პოზიციაც არის, რომ აუცილებელია დიალოგი.
შეთავაზებები, რომელიც გვქონდა ოპოზიციასთან - არის ჩვენს მიერ
ინიცირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ვითვალისწინებთ და
ევროპარლამენტთან საერთო აზრზე ვართ - დიალოგის მზაობისთვის.
აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და
ეს პრობლემა გადაწყდეს დიალოგის გზით. ამისთვის აუცილებელია ორი
მხარის და არა ერთი მხარის ჩართულობა. მნიშვნელოვანია, ოპოზიცია
ჩაერთოს დიალოგში და შესაბამისად, პრობლემა გადაწყდეს დიალოგის გზით",
- განაცხადა დავით სონღულაშვილმა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან
შეხვედრის შემდეგ.
დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნება, რომლის
მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და
ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირი-საქართველოს
საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, დავით
სონღულაშვილის და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით.
ასოცირების კომიტეტი განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას,
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და
გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა
და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და
მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე,
ოკუპირებულ ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ
მიმართულ ძალისხმევას.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.