აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 11 და 12 აგვისტოს ბორჯომში, დედოფლისწყაროსა და ზუგდიდში წინასაარჩევნო აგიტაციისას სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩართულ მხარეებს:
პოლიტიკურ პარტიებს, მათ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს:
- პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა;
- თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) ერთმანეთის ხელშეშლისაგან და ნებისმიერი ტიპის ძალადობრივი ქმედებისაგან;
- მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობას, რათა განვითარებულმა მოვლენებმა ზიანი არ მიაყენოს არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.
სამართალდამცავ ორგანოებს:
- მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტების სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიება;
- ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცენ მომხდარ შემთხვევებს, უზრუნველყონ ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას:
- შეისწავლოს საჯარო მოსამსახურეების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისას კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების ფაქტები და უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ ადგილი აქვს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თვალთვალსა და მიყურადებას:
- უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უზუნრველყოს მსგავსი ფაქტების პრევენცია და უსაფრთხოების სამსახურის სრული დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისაგან.
ფაქტობრივი ინფორმაცია მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით
(საიას მონიტორების მიერ უშუალოდ გადამოწმდა ფაქტი შემთხვევის ადგილზე)
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრის, გიორგი გიუაშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბესიკ ფოფხაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ხელი შეუშალა მას წინასაარჩევნო აგიტაციაში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საიას მონიტორთან საუბრისას, გიუაშვილმა განაცხადა, რომ მძღოლთან ერთად სააგიტაციო მასალით (დროშებით) გადაადგილდებოდა ბორჯომში და ამომრჩევლებს მოუწოდებდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერისაკენ. ასევე, მოუწოდებდა საზოგადოებას, მხარი არ დაეჭირათ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატისათვის. ამ დროს, შენიშნა, რომ მის ავტომანქანას უკან 3 ავტომანქანა აედევნა, რომლებიც წინ გადაუდგნენ და მის მძღოლს ავტომობილი გააჩერებინეს. აღნიშნული პირები ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ, მივიდნენ გიორგი გიუაშვილთან და მას და მის მძღოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბესიკ ფოფხაძე მისი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს.
საიას მონიტორთან საუბრისას, გიორგი გიუაშვილი ბესიკ ფოფხაძის გარდა დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების გვარებსაც ასახელებს და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებს. აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სისტემატიურ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებენ მასზე.
გიუაშვილის განცხადებით, მან მიმართა პოლიციას, დაიკითხა და ჩაუტარდა ჯანმრთელობის შემოწმება, რომლის თანახმადაც, მას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და პერმანენტულად მიაწვდის საზოგადოებას მონიტორინგის შედეგებს.
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ბორჯომში პარტიების წარმომადგენლებს შორის.
ბორჯომში 4 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.
ე.წ ფალიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა.
13 აგვისტოს ბორჯომ-ქალაქობა 2016 აღინიშნება.