სოციალურ ქსელში, Facebook-ის
სხვადასხვა ჯგუფში მომხმარებლები წერენ იმ უცხო ზარების შესახებ,
რომელიც მათთან ან/და მის ახლობლებთან განხორციელდა ქალაქის
ტელეფონზე.
მათი ინფორმაციით, უცხო პირები რუსულ
ენაზე ეუბნებიან, რომ მათი ოჯახის წევრი (შვილი, დედა...) მოჰყვა
ავარიაში, მოთავსებულია რეანიმაციაში და სთხოვენ თანხის გადარიცხვას.
მათი თქმით, ადგილი აქვს სავარაუდოდ თაღლითობის შემთხვევებს,
რისთვისაც საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
"მოკლედ რამდენიმე დღეა, ქალაქის ტელეფონზე რეკავენ ვიღაცები,
ლაპარაკობენ რუსულად თითქმის ერთსა და იმავე ტექსტით, რომ ვიღაც
მოხვდა ავარიაში, წევს რეანიმაციაში და ფულადი დახმარება სჭირდებათ.
ასეთი უკვე მე-6 შემთხვევაა ჩემ გარშემო. უმეტესწილად ხანშიშესულ
ადამიანებთან რეკავენ. მაგალითად, ერთთან დარეკეს და თავისი შვილის
სახელი და საცხოვრებელი ადგილიც კი უთხრეს (ავარიაში მოჰყვა და
რეანიამაციაში არისო, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს). მაინტერესებს, ვინმეს
თუ ჰქონია მსგავსი შემთხვევა და რა შეიძლება რომ მოვიმოქმედოთ?
პ.ს. იურისტი თუ ხართ, იქნებ გვირჩიოთ რამე?" - წერს ჯგუფში
"დაიტოვე" ერთ-ერთი მოქალაქე.
"Ჩვენს ახლობელს - ასაკიან ქალს დაურეკეს და უთხრეს რომ მისი
შვილიშვილი საავადმყოფოში მოხვდა. ეს როგორც ჩანს ახალი თაღლითური
სქემაა... Ძალიან მაინტერესებს, საიდან აქვთ ეს პერსონალური
მონაცემები? Ჩვენთან არ დაურეკავთ. იციან წინასწარ საიდანაც შესაძლოა
თანხის ამოღება" - წერს კომენტარების ველში ერთ-ერთი
მომხმარებელი.
"აფიორაა..რუსეთში გავრცელებული და აქაც
გადმოიტანეს" - წერს კიდევ ერთი მომხმარებელი.
"გერმანიაში ხდება (გერმანულ ენაზე რათქმა უნდა) ძალიან
ბევრი, ე.წ. შოკ-ზარები და ბევრი მოხუცი მოატყუეს. მოდიან და ფული
მიაქვთ. ბევრმა მოხუცმაც ხაფანგი დაუგო, ვითომ ფულს ახვედრებდნენ,
მოდითო და პოლიცია დაახვედრა. საჭიროა ამ ამბის გასაჯაროება და ყველას
გაფრთხილება რომ ვინმე არ მოტყუვდეს" - წერს მოქალაქე.
"სილქნეტიდან ხომ გაჟონა პერსონალურმა ინფორმაციამ. მოვისმინე
და აქვთ ეგ ბაზები ალბათ. მეც დამირეკა ვიღაც ნატაშამ ოღონდ სახლის
ტელეფონზე, რადგან არავინ რეკქვს მივხვდი აფიორა იყო, რუსულად
საუბრობდა" - წერს კიდევ ერთი მოქალაქე.
"კი ბატონო აგერ ვართ მსხვერპლი. მივმართეთ პოლიციას, დაიწყო
გამოძიება, მაგრამ იმედი არ გვაქვს სამწუხაროდ" - პასუხობს
კომენტარებში კიდევ ერთი მომხმარებელი.
"მეც ვიცი ასეთი შემთხვევა, სამი დღის წინ დარეკეს ასაკოვან
ქალბატონთან, ანერვიულეს. 15 ათასი დოლარი ჯდება ოპერაცია და საწრაფოდ
გადმორიცხვა გვჭირდებაო. მისამართი იცოდნენ. ჰკითხეს, მაინც რამდენი
ჰქონდა დანაზოგი. საწყალმა არ დაუმალა, სახლში მაქვს ესა და ეს
თანხაო. მაინც საშიშია არ დაადგნენ შემდეგ ფულის გამოძალვის მიზნით.
კიდევ კარგი ამ ქალბატონმა შვილებს დაურეკა და იმათ მოაგვარეს,
დარეკეს იმ ქალის ქმართან, ვინც, თაღლითების თქმით, ავარიაში მოხვდა.
ქმარი აზრზე არ იყო, რა თქმა უნდა. ასე გამოაშკარავდა ეს
ამბავი" - წერს მოქალაქე.
"ჩემთანაც დარეკეს ასე, პოლიციაში შევიტანე მე განცხადება. და
ჩემს გარშემო, სამეზობლოშიც რეკავენ ასე..." - წერს
მომხმარებელი.
"4 დღის წინ ჩემთან დარეკა ახალგაზრდა გოგომ ბღავილით,
ისტერიკით, რომ ვითომ მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ მთხოვდა მისვლას.
რომ ვუხსნიდი რომ სხაგან მოხვდა ,,ისევ ისტერიული ბღავილით
რამდენჯერმე გამიმეორა, დედა ვერ მიცანი? შენი შვილი ვარ. მერე
ვუთხარი რომ მე შვილი არ მყავს. გათიშა ტელეფონი.(ქალაქის ტელეფონზე
რეკავდა.) მე კი ცუდად გავხდი. დიდხანს ვერ დავწყნარდი" -
წერს ერთ-ერთი მოქალაქე.
"Მე მქონდა ეს შემთხვევა, არ ვარ ხანშიშესული.. დედაჩემად
გაასაღა თავი და სუფთა რუსულით მელაპარაკა, სრულ ისტერიკამდე
მიმიყვანა სანამ ჩემი საქმრო არ დაელაპარაკა და არ დამამშვიდა, რომ
სკამერები არიან, ვერ ვწყნარდებოდი" - ყვება ერთი-ერთი
მომხმარებელი.
"საბერძნეთში გვქონდა ეგეთი შემთხვევა, ქალს მთელი ოქრო
მიატანინეს და გაქრნენ. ამ ქალის შვილი ავსტრალიაში ცხოვრობდა და
უთხრეს რომ ავარია მოუვიდა და ვიღაც შემოაკვდა და თუ ფულს არ
მისცემდნენ მის შვილს პოლიციას გადასცემდნენ. აიღეს მთელი ოქრო და
გაქრნენ. რამდენიმე საათში შვილს დაუკავშირდა და გაიგო რომ ტყუილი
იყო" - წერს მოქალაქე.
"ზუსტად ისეთ დროს დაურეკეს დედას, სახლის ტელეფონზე, 9 დან
11 საათამდე , როდესაც იცოდნენ მე რომ არ ვიყავი სახლში , დაასახელეს
ქუჩა სადაც ხშირად ვსეირნობ, თან ვაპირებდი გუშინ მაგ ქუჩაზე
გასეირნებას (დედამ ეს იცოდა) , მაგრამ დამეზარა და სახლთან პარკი რომ
არის იქ ჩავედი.... უთხრეს ვითომ და მანდ გამიტანა მანქანამ. თავი მაქ
გატეხილი, დედას მოასმენინეს ჩემი ვითომ და კვნესის ხმა , ბავშვის ხმა
(ანუ ჩემი შვილის), დაალაპარაკეს რუსულენოვანი გამომძიებელი,
გამომძიებელმა თქვა ვითომ მე გამიტანა რუსმა იმიტომ არის
გამომძიებელიც რუსი., იქ დედას და ჩემ დას გონება გადაეკეტა და
გამოვარდნენ საავადმყოფოში, რომელიც იმათმა დაასახელეს (არამიანცი) .
ასეთი შემთხვევა გვქონდა იმიტომ რომ, ძმა მყავს გარდაცვლილი ავარიით
და მასე დაგვირეკეს... ამიტომ დედამ დაიჯერა. ვერ აგიღწერთ დედა რა
დღეში ჩამიგდეს ამ არაადამიანებმა" - წერს კიდევ ერთი
მომხმარებელი.
ტელეკომპანია "ბორჯომმა" საკითხთან
დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. დაიწყო თუ არა
სამართალდამცავმა უწყებამ გამოძიება, საკითხის შესწავლა და მოკვლევა,
საიდან ფლობენ მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს უცხო ზარის
განმახორციელებლები და აქვს თუ არა ადგილი თაღლითობას - ამ თემაზე
პასუხს შსს-გან ველოდებით.