თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი
თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში
სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება.
კაშხლიდან წყალი გამოდის და შენობების უმრავლესობა უკვე დაიტბორა.
გიგანტური კაშხლის პროექტის მიხედვით, რეგიონში 19 სოფელი და
იუსუფელის ცენტრი წყლით დაიფარება.
ქალაქის დატბორილი ნაწილის სანაცვლოდ ააშენეს ახალი უბანი, „ახალი
იუსუფელი“, სადაც აქ მცხოვრები მოსახლეობა გადავიდა საცხოვრებლად.
კაშხალი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2023 წლის 29 მაისს
დაიწყებს.
კაშხალი ოფიციალურად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 2022
წლის ნოემბერში გახსნა. მან თქვა, რომ იუსუფელებმა დატოვეს სახლები,
სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, სამუშაო ადგილები და წარსული, რომ
ქვეყნის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი.
სოციალურ ქსელებში იუსუფელის დატბორვის ამსახველი არაერთი ფოტო
ვრცელდება.
თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი
„იუსუფელი“ გასული წლის ნოემბერში გაიხსნა.
წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია, რაც ასსართულიანი შენობის
სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ
კუბურ მეტრს შეადგენს.
წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან 70 კილომეტრის დაშორებით
2012 წლიდან მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ახალი ჰესი გამოიმუშავებს 1,9 მილიარდ კვტ/სთ
ენერგიას, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს – 5 მილიარდ ლირას
მოუტანს.
წყარო-ბათუმელები