სახალხო დამცველის მოადგილეებმა ეკატერინე სხილაძემ და გიორგი ბურჯანაძემ თანამდებობები დატოვეს
სახალხო დამცველის მოადგილეებმა
გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ ომბუდსმენის აპარატი
დატოვეს.
ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ
საკუთარ Facebook გვერდზე დაწერეს. გუშინ, 31 მარტს, მათ სახალხო
დამცველის აპარატში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდათ.
ეკატერინე სხილაძემ ომბუდსმენის აპარატში 9 წელი იმუშავა. მან
კოლეგებს და პარტნიორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა
გადაუხადა.
"დასასრულს უახლოვდება ჩემი სახალხო დამცველის აპარატში
მუშაობა, სადაც 9 წელი, 6 თვე და 6 დღე ვიმუშავე სხვადასხვა
პოზიციაზე.
რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემა და წამოდგომა; უფრო მეტი -
წარმატება.
მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების
გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ.
არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და
ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ
გადაწყვეტილებებს. პირიქით, კიდევ ერთხელ გავივლიდი იმ
შეგრძნებებისთვის, რაც თან მიმაქვს.
წინ ბევრი ბრძოლაა და მე ვრჩები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
სხვაგვარად წარმოუდგენელია" - წერს ეკატერინე სხილაძე.
ომბუდსმენის მოადგილის პოზიციას ტოვებს გიორგი ბურჯანაძე და წერს, რომ
ყოველთვის იქნება სახალხო დამცველის აპარატის გულშემატკივარი, სადაც
ჯამში 10 წელი გაატარა. ბურჯანაძე ერთ-ერთი იყო
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ სახალხო დამცველის
კანდიდატებს შორის, ვინც პარლამენტში გაიარა შერჩევის პროცედურები -
პარლამენტმა ეს პროცესი ჩააგდო და რამდენიმე თვის შემდეგ მხარი
დაუჭირა პარტია მოქალაქეების წევრს, ლევან იოსელიანს ომბუდსმენის
პოსტზე.
როგორც გიორგი ბურჯანაძე Facebook გვერდზე წერს, მან ახალი სახალხო
დამცველი ლევან იოსელიანი თავიდანვე გააფრთხილა, რომ 31 მარტამდე
დარჩებოდა ამ პოსტზე, წამოწყებული საქმეების დასამთავრებლად და
საპარლამენტო ანგარიშის მოსამზადებლად.
"62 თვის მანძილზე ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის
აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში
და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა,
გვქონდა ერთი ამოცანა - ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული
ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის
რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ.
ყოველთვის ვიამაყებ - რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად
შეიძლება ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ
ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ სადაც პრობლემა იყო და არასდროს
შეგვშინებია ვინმესი ან რამესი.
დღეს, როცა საჯარო სამსახურს ვასრულებ, ვარ ამაყი. 2018 წელს დავისახე
მიზნად რომ ბავშვური გულწრფელობით მეკეთებინა ყველაფერი ჩემი
შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში და რაღაც დოზით ვფიქრობ
გამომივიდა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მხვდება ქუჩაში რომელიც
მადლობას მეუბნება საქმიანობის გამო" - წერს
ბურჯანაძე.
ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას გიორგი ბურჯანაძე,
თუმცა მისი თქმით, "თემატიკა და
მიზანი" იგივე იქნება.
"ღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის
გაგრძელება და ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის
ავტორებმა არააო! არაუშავს! რაღაც პერიოდი “დიდი ავიაციიდან” მივდივარ
და ჩემი სამომავლო საქმიანობის ფარგლებში (ამაზე ცოტა მოგვიანებით
დავწერ) ნაკლები საჯაროობა მექნება, მაგრამ თემატიკა და მიზანი კვლავ
მსგავსი და დიადი იქნება.
დიდი მადლობა ნინოს ნდობისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და
დამოუკიდებლობის გარანტიებისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს აპარატში,
რომლებიც რეალურად იდგნენ ყველა საქმის უკან. განსაკუთრებული მადლობა
ჩემს ოჯახს, რომლებიც ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ სამუშაო გრაფიკს
და დატვირთულობას. მადლობა პარტნიორ უფლებამდაცველებს, საერთაშორისო
ორგანიზაციებს და დონორებს. მადლობა ყველას, ვინც აპარატს უცხადებდა
მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით" - გიორგი
ბურჯანაძე.
სახალხო დამცველს სულ სამი მოადგილე ჰყავს. ამ ეტაპზე უცნობია,
დარჩება თუ აპარატში მესამე მოადგილე, თამარ გვარამაძე, რომელიც ახალი
სახალხო დამცველის არჩევამდე ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა.
უცნობია ისიც, ვის დანიშნავს ახალ მოადგილედ ლევან იოსელიანი.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი მოადგილეების წარდგენას სახალხო
დამცველი 1 აპრილს აპირებს.