ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“
თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის
(NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესცენტრის ცნობით,
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე
პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
განცხადების თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნოდ
მნიშვნელოვანია მაღალი პოლარიზაციის დონის შემცირება. პრემიერმა
ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები, ისევე, როგორც ყველა -
2012 წლის შემდეგ, უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად ჩატარდება.
NDI ისევე, როგორც IRI არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების
წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. ისინი ორგანიზაციას
მიკერძოებულობაში და ოპოზიციის ინტერესების გატარებაში
ადანაშაულებენ.
NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი საქართველოს 23 თებერვალს ესტუმრა და
ოფიციალურ შეხვედრებს 3 დღის განმავლობაში გამართავს. 24 თებერვალს
დილით იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი
გახარიას. შეხვედრები გაიმართება ასევე პრეზიდენტთან, მმართველი და
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ცენტრალური საარჩევნო
კომისიის წევრებთან, ელჩებთან, დონორი ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან და სხვებთან.
დერეკ მიტჩელი NDI-ის პრეზიდენტის მოვალეობას 2018 წლის 4
სექტემბრიდან შეუდგა. საქართველოში იგი პირველად იმყოფება.
საქართველოდან დერეკ მიტჩელი სომხეთში გაემგზავრება.