ახალი ამბები
გზა კანდიდატობამდე - რას მოიტანს სტატუსი
განაცხადის შეტანიდან კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოს წელიწადი და ცხრა თვე დასჭირდა. ისტორიული - ასე უწოდეს გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს გამოაცხადა. გზა კანდიდატობამდე სირთულეებით, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებითა და არანაკლებ მწვავე შეფასებებით იყო აღსავსე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სტატუსის მიღებას „წარმატებული მმართველობის დაგვირგვინებად“ თვლის, მოპოვებულს - „ხალხთან ერთად და ხალხისთვის“. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს გამარჯვება „ოცნებას“ ხალხმა გამოგლიჯა და ახლა ხელისუფლება ზეიმობს გამარჯვებას, რომელსაც ადრე „ჩალის ფასს“ ადებდა და ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა.


პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც „ოცნებამ“ საზეიმო ღონისძიების სცენაზე არ აუშვა, სტატუსის მიღებას ქართველი ხალხის დამსახურებად მიიჩნევს.

ხალხის წვლილი განსაკუთრებით გამოყო ევროკავშირის ელჩმა, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას.





როგორ მოვიდა საქართველო ამ დღემდე?


„ჩვენ ვიბრძოლეთ და ვიშრომეთ ქართველი ხალხის სახელით“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, მთავრობის ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე და სტატუსის მიღებას ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ისტორიული გამარჯვება უწოდა.

პრემიერ-მინისტრის რიტორიკაში იყო „ქართული ოცნების“ ძველი, ნაცნობი მესიჯები „ომისა და უბედურების“ თავიდან აცილების, „ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების“ დამარცხებისა და „ცალ ფეხზე დგომის“ დაგმობის შესახებ.


14 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელს - ბიძინა ივანიშვილს - „რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და ეს წარმატება“. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტატუსი „ქართული ოცნების“ „წარმატებული მმართველობის“ „ერთგვარი დაგვირგვინებაა“, რაც ხელისუფლებამ „ხალხთან ერთად“ და „ხალხისთვის“ მოიპოვა.


15 დეკემბერს „ოცნებამ“ სცენაზე არ აუშვა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მანამდე სიტყვით გამოსვლის სურვილი გამოთქვა და რომელიც სტატუსის მიღებას უპირველესად ხალხის დამსახურებად თვლის. „მადლობა ქართველ ხალხს, მათ გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა“, - განაცხადა პრეზიდენტმა, 14 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.


ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განსაკუთრებით გამოყო ხალხის წვლილი, როცა 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე. სტატუსის მიღება ქართულ ენაზე მიულოცა ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და მთელ საზოგადოებას.


„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი“, - თქვა ელჩმა ჰერჩინსკიმ.


8 ნოემბერს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია გამოაცხადა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“.

ოპოზიციიდან ხელისუფლებას არცთუ შორეულ წარსულს ახსენებენ, როდესაც მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებს.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ქართველმა ხალხმა რუსულ ხელისუფლებას ეს გამარჯვება გამოგლიჯა“ და საქართველომ ბეწვის ხიდზე გაიარა, „გეოპოლიტიკური ფანჯრის“ შესაძლებლობების გამოყენებისთვის.

„დღეს ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადებდა და ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსს, ზეიმობენ ამ დღეს. ეს არის, ხალხო, თქვენი გამარჯვება“, - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავდნენ.

ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზას მონდომებით გააგრძელებს. ხელისუფლება კი ამ გზის მთავარ დამაბრკოლებლად კვლავ ოპოზიციას მიიჩნევს.





ფაქტები ახლო წარსულიდან


ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაძლებლობის ფანჯარა მას შემდეგ გაიხსნა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მეზობელ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა. მანამდე, არსად იყო თუნდაც მხოლოდ ჩანაწერი - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ.

უკრაინამ გაწევრიანების განაცხადი ევროკავშირში ომის დაწყებიდან 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს შეიტანა; ხოლო მოლდოვამ და საქართველომ - 2022 წლის 3 მარტს.

უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი განაცხადის შეტანიდან 3 თვეში მიიღეს. საქართველოს შემთხვევაში - წელიწადი და ცხრა თვე გავიდა.



მას შემდეგ, რაც უკრაინამ განაცხადი შეიტანა და ყველა შესაძლებლობის ფანჯრის გახსნაზე ლაპარაკობდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ მალავდა, რომ გაწევრიანების განაცხადის შეტანას დაჩქარებული წესით არ აპირებდა და ძველი გეგმით - კვლავ 2024 წელს დაელოდებოდა;


შანსის გამოყენებისკენ „ქართულ ოცნებას“ ხალხი, 2022 წლის თებერვალ-მარტში, მასშტაბურ მიტინგებზე მოუწოდებდა;


საბოლოოდ, ხელისუფლებამ ევროკავშირში განაცხადის შეტანის გადაწყვეტილება მაინც მიიღო და ეს 2022 წლის 3 მარტს გააკეთა;


2022 წლის ივნისში, ევროკომისიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ამ დროს საქართველოს დაუწესდა 12 პირობა - სტატუსის მისაღებად;


ევროკომისიის შეფასებით, ამ 12-დან საქართველომ სრულად მხოლოდ 3 რეკომენდაცია შესრულა. შემდგომი წინსვლისთვის საქართველოს ახლა უკვე 9 პირობა დაუწესდა.



მას შემდეგ, რაც 2023 წლის ივნისში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ: საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ; კანდიდატის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, არაფრის მომტანი იყო ქვეყნისთვის და არ ახლდა ხელშესახები ფინანსური სარგებელი.

ასევე „ოცნება“ აცხადებდა, რომ პროცესებს „გლობალური ომის პარტია“ ბლოკავდა და ევროპულ გზაზე საქართველო მხოლოდ მეორე ფრონტის გახსნის სანაცვლოდ წაიწევდა წინ.

2022 წლის 6 ივლისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში თქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნება ომის დაწყების შემთხვევაში, თუმცა „ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს“ და „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“.

2022 წლის მარტის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო არაერთი გადაწყვეტილება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის - ბრიუსელში, ევროპულ ფასეულობებსა და ევროინტეგრაციის მიზნებთან შეუსაბამოდ თვლიდნენ. ამ მხრივ გამოკვეთილი იყო ორი მოვლენა:

„ქართული ოცნებისა“ და მისი განაყოფი „ხალხის ძალის მიერ“ ე,წ, აგენტების შესახებ კანონის დამტკიცების მცდელობა - რაც 2023 წლის მარტში, მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად ჩაიშალა;

პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა - როცა „ოცნებამ“ პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში მოიგო, მაგრამ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა.


ევროკავშირის დროშების ფონზე, სტატუსის მიღებას აქტიურად ზეიმობს „ქართული ოცნების“ განაყოფი „ხალხის ძალაც“, რომლის ავტორობით შექმნილი კანონპროექტებიც [„აგენტების შესახებ“], ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციას დიდი ხნით ჩიხში შეყვანას უქადდა.

„[კანდიდატის სტატუსს საქართველოს] არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო, ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“, - აცხადებდა შარშან „ხალხის ძალა“.

„ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვინ იბრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ... დღეს მაინც გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს ზეიმი ყველასია, მათ შორის, თქვენიც, ვინც ებრძოდით ამ სტატუსს“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას 15 დეკემბერს და სტატუსის მიღებას „დიდი გამარჯვება“ უწოდა.





რას მოიტანს სტატუსი?



მართალია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის რაიმე სახის მყისიერი და პირდაპირი ფულადი ჯილდო არ არსებობს, მაგრამ ევროპელი ლიდერები და ექსპერტები ხშირად განმარტავენ, რომ ქვეყნებისთვის ახალი პერსპექტივები იხსნება და ხელშესახები სარგებელის რეალური შესაძლებლობები ჩნდება.

„ქვეყნის სტატუსი, წონა, ავტორიტეტი იზრდება; გაიზრდება კონტაქტები, მონიტორინგი; მეტი ყურადღება იქნება ევროკავშირის მხრიდან; მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება რეფორმების პროცესში. რეფორმები თავისთავად სარგებელია ქვეყნისთვის.

კანდიდატის სტატუსი სიგნალია საერთაშორისო ბიზნესისთვის - ინვესტირების ნდობა, დაინტერესება გაიზრდება, რადგან ბევრად უფრო სტაბილური სახელმწიფოს იმიჯი გაქვს. პოლიტიკურად უფრო დაცული ხარ, მეტი იმუნიტეტი გაქვს“,
- ამბობს კახა გოგოლაშვილი.




მისთვის საყურადღებოა ევროპარლამენტის მიერ 13 დეკემბერს დამტკიცებულ რეზოლუციაში ასახული მოწოდებები მომავალი ევროკომისიის მისამართით [რომელიც 2024 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება], რომ გაფართოების ახალი ტალღის ქვეყნებზე [მათ შორის - საქართველოზე] გავრცელდეს ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი (IPA III), რაც მათ მისცემს საშუალებას, რომ „მნიშვნელოვნად გაიზარდოს ამ ქვეყნების დაფინანსება ევროკავშირის ფონდებიდან“.

IPA III (Instrument for Pre-accession Assistance) - წარმოადგენს ინსტრუმენტს ფინანსური და ტექნიკური დახმარებისთვის, რომელიც ევროკავშირმა წევრობის კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე უნდა აღმოუჩინოს.

„IPA III ბენეფიციარებს დახმარებას უწევს პოლიტიკური, ინსტიტუციური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების დამტკიცებასა და განხორციელებაში, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის ფასეულობების დასაცავად და იმისათვის, რომ მომავალი წევრობისთვის პროგრესულად მოხდეს ევროკავშირის წესებთან, სტანდარტებთან, პოლიტიკასა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც იქნება წვლილის შეტანა საერთო უსაფრთხოებაში, სტაბილურობაში, მშვიდობასა და კეთილდღეობაში“, - განმარტებულია ევროკომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე.


2021-2027 წლებში მითითებულია ბიუჯეტი 14 მილიარდ 800 მილიონი ევროს ოდენობით. შენარჩუნებულია მთავარი პრინციპი - დახმარება პროგრესისა და დამსახურების მიხედვით ნაწილდება.

კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ გაფართოების ახალი ტალღის მიმართ ევროკავშირის პოზიცია მყარია და ის გეოპოლიტიკური მიზნებით, გაერთიანების გაძლიერების სურვილს ეფუძნება.

ამ კუთხით, მისთვის საყურადღებოა კიდევ ერთი აქცენტი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციიდან, რომელიც გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატისა და გაფართოების დარგში ევროკომისრის თანამდებობის კვლავ შემოღებას უკავშირდება.

„ამან უნდა შეასრულოს ერთადერთი ფუნქცია - გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთობა კანდიდატ სახელმწიფოებთან. ეს მექანიზმი არსებობდა ევროკომისიაში 2003 წლამდე, ვიდრე დასრულდებოდა გაფართოების მეხუთე ტალღა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.


14 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლპარაკებების დაწყებას - უკრაინასა და მოლდოვასთან; ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის და მოლაპარაკების დაწყებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ ნოემბერში გამოცხადებულ შესაბამის რეკომენდაციებს ეფუძნება.



წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.