ახალი ამბები
ქართული სუფრა, უფლის და მშვიდობის სადღეგრძელო - აქცენტები მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის სიტყვიდან
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას. პარალელურად, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან განაცხადა, რომ რეზიდენციას ტოვებს, თუმცა კვლავ რჩება „ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.

მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, - რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

„დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს. დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



საპრეზიდენტო ფიცი ასეთი იყო:


„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინების და ძლევამოსილებისათვის“.



საინაუგურაციო სიტყვის აქცენტები


ფიცის დადებისა და საქართველოს ჰიმნის მოსმენის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მმართველ გუნდსა და დელეგატებს და ვრცელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

ჯერ განაცხადა, რომ „საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა“ და „მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან ... ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა“.

„ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია - მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი“, - განაცხადა მან.



„ოჯახი“ და „უნიკალური კულტურა“


„ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით - საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ქართველ ხალხს ხასიათი „გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა“.

მისი თქმით, ეს ერთობა „ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული - სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია“.


„ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს“.




მშვიდობა და ქართული სუფა


მიხეილ ყაველაშვილის თანახმად, საქართველოს ისტორია „მკაფიოდ“ აჩვენებს:

„სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა“.

„ჩვენს ერს სიმშვიდეში - შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა“, - თქვა მან და დასძინა.

„ქართველმა ხალხმა ყოველთვის კარგად იცოდა, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია“.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვაში ისაუბრა ქართულ სუფრაზე, - კვლავ მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად:


„ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი - ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ.


ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს.


ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული“.


„ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია. კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 



„ეროვნული ინტერესები“


მისი თქმით, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა, რითაც „ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ“.


„სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს... ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.




„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ყოფილმა წევრმა საინაუგურაციო სიტყვაში „რეგიონულ და მსოფლიო გამოწვევებზეც“ გაამახვილა ყურადღება:



„ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის, ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის“.

„საფრთხეებთან გამკლავება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ერთად დგომით მოხერხდა“, - განაცხადა მან და ეს მედეგობა ქართველი ადამიანის ხასიათით ახსნა:


„გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება - ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს“.


„სწორედ ასეთი - მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას“.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12:28 / 30.12.2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში 200-მდე ჟურნალისტი დაექვემდებარა ძალადობას და დაშინებას.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.