შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს
იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული
მოსამართლე.
შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის
თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.
შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული
ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა
ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007 წლებში
სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.
"შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც
საჯარო, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება
აქვს", - ნათქვამია ინფორმაციაში.