ევროპის ნაცვლად ვიზიტორები რუსეთიდან - დეზინფორმაცია და რეალობა ტურიზმის სფეროში
14:26 / 20.12.2024
„ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია, ვიზიტორების რაოდენობა
შემცირდა, გაგვიუქმდა ჯავშნები, ძირითადად ევროპელმა ვიზიტორებმა
გადაიფიქრეს ჩამოსვლა.ახლა აბსოლუტურად ცარიელები
ვართ. არ მუშაობს არც რესტორანი და აღარც სასტუმრო.
დეზინფორმაციაც ვრცელდება, ეშინიათ ამ არასტაბილურ გარემოში ჩამოსვლა.
სახელმწიფოს კი აქვს ბერკეტი, რომ ხელი შეუშალოს დეზინფორმაციის
გავრცელებას. მხოლოდ ლაპარაკით არა, ქმედებაც საჭიროა.“ -
გვიყვება ციალა შავაძე, რომელიც
ახალციხეში 2 სასტუმროს და რესტორანს უკვე 12 წელია ამუშავებს.
რაბათის დასახლებაში მდებარე საოჯახო სასტუმროებს და რესტორანს,
როგორც ამბობს, ვიზიტორები არასოდეს აკლდა. სიტუაცია კორონავირუსის
პანდემიის შემდეგ შეიცვალა და დღეს უკვე ფაქტობრივად მისი ობიექტები
ცარიელია. გაუქმებულია ჯავშნები.
ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბორჯომელ არტურ სტეფანიანს. მისი განმარტებით
საქართველოში ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ტურისტი ჩამოდის.
„ბოლო წლებში, საქართველოში ძირითადად ჩამოდის ისეთი ტურისტი,
რომელიც არ არის გადამხდელუნარიანი. იშვიათად უკვეთავენ ექსკურსიებს,
ეძებენ იაფფასიან სერვისს. ეს ცუდად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე.
ძალიან ცოტააა მდიდარი ხალხი, ვინც ჩამოდის
საქართველოში.“
კერძო ბიზნესისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს, ვიზიტორების მზარდ
რაოდენობაზე საუბრობს „ახალციხის ციხის“ დირექტორი, ზაზა
თამარაშვილი.
ბორლო რამდენიმე წელია რეგიონში
ევროპელი ტურისტები რუსმა ვიზიტორებმა ჩაანაცვლეს. ახალციხის ციხის
მიერ წარმოებული ვიზიტორების სტატისტიკის მიხედვით ბოლო 3 წლის
განმავლობაში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორები პირველ ადგილს იკავებენ,
ვიზიტების რაოდენობით მეორე ადგილზე წელს ჩინეთიდან ჩამოსულმა
ტურისტებმა გადმოინაცვლეს.
„საკმაოდ ბევრი ტური გამიუქმდა ტურისტების, რომლებიც უნდა
ჩამოსულიყვნენ ევროპიდან, თან გადამხდელუნარიან ტურისტებზეა
საუბარი.“ - ამბობს არტურ სტეფანიანი.
თუ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის სტატისტიკას გადავხედავთ,
სამცხე-ჯავახეთის რეგიონისგან განსხვავებული მდგომარეობა არც ზოგადად
ქვეყანაშია.
პირველი ადგილი - რუსეთის ფედერაცია
მეორე ადგილი - თურქეთი
მესამე ადგილი - სომხეთი
ანალოგიური სტატისტიკაა გამოქვეყნებული ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეც.
2020-2021 წლებში ვიზიტორების სტატისტიკა თითქმის არ არის ასახული,
რადგან პანდემიის პირობებში მიმოსვლა შეზღუდული იყო. 2024 წლის სრული
მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, ასახულია 2022-2023 წლების
მიხედვით პირველი 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ვიზიტები
განხორციელდა.
ტელეკომპანია „ბორჯომმა“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წერილობით
27 ნოემბერს მიმართა შემდეგი კითხვებით: რამ გამოიწვია საქართველოში
ევროპელი ტურისტების შემცირება და რუსეთიდან ვიზიტორების მატება,
ასევე თუ აქვთ ტურისტების მხარჯველუნარიანობის სტატისტიკა, როგორ
მუშაობენ ტურისტულ სექტორში არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და
რას აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში კვლავ გაიზარდოს უცხოელი
ვიზიტორების რიცხვი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან? - ამ კითხვებზე
ვიდეო ინტერვიუს ჩაწერა ან წერილობითი პასუხის დაბრუნება ვთხოვეთ.
არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, უწყებიდან პასუხი 10 სამუშაო დღის
გასვლის შემდეგაც ვერ მივიღეთ.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი, საქართველოში
ევროპელი ვიზიტორების კლების მიზეზებზე საუბრობს. როგორც შალვა
ალავერდაშვილი აცხადებს, უკრაინაში მიმდინარე ომი, საქართველოს
სარისკო ზონად მოიაზრებს, რის გამოც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან
ვიზიტორები თავს იკავებენ საქართველოში მოგზაურობისგან. სამაგიეროდ,
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ განაპირობა საქართველოში რუსი
მიგრანტების შემოდინება. ალავერდაშვილის თქმით, რუსეთიდან შემოდიან
მოქალაქეები, რომლებიც სახლდებიან საქართველოში და აქ თავად იწყებენ
ბიზნესის კეთებას არაოფიციალურად, აქირავებენ ბინებს და ქართველი
მეწარმეებისგან განსხვავებით, ისინი გადასახადს სახელმწიფოს არ
უხდიან, რაც არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.
შალვა ალავერდაშვილი ტურიზმის სფეროში გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც საუბრობს.
მისი თქმით, „ხალხში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ რუსი
ტურისტი ჩამოვა საქართველოში და აგვაშენებს, ბევრ ფულს დახარჯავს
ჩვენთან, რაც არის დიდი ტყუილი. საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი
რუსი ტურისტები არ ჩამოდიან. აქ ჩამოდიან ძალიან დაბალი გადახდის
მქონე ტურისტები რუსეთიდან, რომლებიც თითო კაპიკს უყურებენ და
ითვლიან, სად რას ხარჯავენ“.
ტურისტების მხარჯველუნარიანობის მიხედვით შეფასების გაკეთება უჭირს
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის
ხელმძღვანელს დავით მუმლაძეს. მისი თქმით, სახელმწიფოსა და ტურიზმის
სექტორში დასაქმებულ ადამიანებზეა დამოკიდებული უცხოელ ვიზიტორებს რა
თანხას დაახარჯინებენ საქართველოში და სანაცვლოდ რა სახის
მომსახურებას შესთავაზებენ. მცირე ტურისტული ბიზნესებისთვის
სერვისების გაუმჯობესების ნაწილში კი სახელმწიფოს როლს მნიშვნელოვნად
მიიჩნევს. თვლის, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების უფრო მეტად
ინფორმირება - როგორ შეძლონ მწირი რესურსებით გარკვეული
მომსახურებების შეთავაზება. მათი ცნობიერების ასამაღლებლად ასევე
ჩართულობა ინფო ტურებში.
რაც შეეხება უცხოელი ტურისტების შეფასების ნაწილს, DMO-ს ხელმძღვანელი დავით მუმლაძე,
შედარებით მოწესრიგებულ ვიზიტორებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს,
რომ: „ყველაზე კარგ ტურისტებად მოიაზრებიან გერმანელი
ტურისტები, რადგან უფრო მეტად მოწესრიგებულები არიან. თუნდაც,
ტრანსპორტის გაქირავების სერვისით სარგებლობის შემდეგ, გამქირავებელს
ნაკლები სანერვიულო აქვს იმ თვალსაზრისით, რომ როგორსაც ჩააბარებს
ტრანსპორტს, ისეთივე მდგომარეობაში დაუბრუნებს და იქ არ ექნება ადგილი
ტყუილს“.
როგორ გააგრძელებს სახელმწიფო - ტურისტული ბიზნესების მხარდაჭერას,
მომსახურების და სერვისების გაუმჯობესებას, ევროპის ქვეყნებიდან
ტურისტების მოზიდვას და რაც მთავარია დეზინფორმაციასთან ბრძოლას,
რომელის გასაქარწყლებლად საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა
აქვს აღებული ევროკავშირთან. ანუ, 9 რეკომენდაციიდან №1-ია
დეზინფორმაციასთან ბრძოლა. თუმცა, ამ რეკომენდაციების შესრულების
პერსპექტივა განსაკუთრებით ბუნდოვანი გახდა 28 ნოემბერს, როდესაც
„ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ
მათი გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ის რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა იყო სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული
რეკომენდაცია, ამას აქამდე მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში თუ
ამოვიკითხავდით, ქმედითი ნაბიჯები კი ნაკლებად იყო გადადგმული. ღიად
გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ კი სრულიად გაურკვეველი გახდა 9
რეკომენდაციის შესრულების/შეუსრულებლობის ბედი. ფაქტი ერთია,
დეზინფორმაცია და პროპაგანდა საზოგადოებაში ახლა ყველაზე ეფექტურად
მუშაობს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში და მის შეჩერებას ამ ეტაპზე
არავინ ცდილობს.