ოპოზიცია საპროტესტო აქციებზე უარს ამბობს
„ახალი საქართველოს“ ლიდერის,
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ
აქციებს წყვეტს.
ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა
Newsroom-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის
შეთანხმება შესრულდება, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.
„დღეს გვექნება შეხვედრა და სავარაუდოდ, აქციებზე მორატორიუმს
გამოვაცხადებთ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ მოტყუებას აქვს ისევ ადგილი,
გვესმის რა მოგვიწევს ხომ?!
თუ შესრულდება, მაშინ საარჩევნო კამპანია იქნება. ჩვენი თვითმიზანი კი
არაა პიკეტირება და ქუჩაში დგომა. ეს არ იყო ცალმხრივი დათმობა. ჩვენ
სრულად პროპორციულს ველოდებოდით და ჩვენი მხრიდან ისიც კომპრომისია,
რომ 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება მხოლოდ“,- განაცხადა
ვაშაძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და
ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი
გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე,
40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე
შეთანხმდნენ.