ბორჯომის მერს ლევან ლიპარტიას და საკრებულოს თავმჯდომარეს ამ
დროისთვის უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ. მათ მოვალეობებს კი
მოადგილეები დავით ზაალიშვილი და ოთარ არბოლიშვილი ასრულებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობა შეუფარდა, ბრალად ედებათ ქრთამის აღება. საქმის განხილვა
სასამართლოში ერთ თვეში გაგრძელდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ტელეკომპანია „ბორჯომის“
საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ დაკავებულებს ბრალდება დაუმტკიცდათ და
გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. აღნიშნული გადაწყვეტილებია
კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება მათი
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
„თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი და ეს
გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იქნა შესული, ამ შემთხვევაში
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება დღის წესრიგში. თუ ბრალი ვერ
დაუმტკიცდათ, უფლებამოსილება ვერ შეუწყდება ვერც მერს და ვერც
საკრებულოს თავმჯდომარეს“ - ამბობს ქეთი
ბებიაშვილი.
ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, თუ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის
საკითხი დადგა დღის წესრიგში, მნიშვნელოვანია როდის მოხდება აღნიშნული
გადაწყვეტილების კანონიერად ძალაში მიღება. სწორედ ამ ვადებზეა
დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი.
„თუ მერის უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 15 თებერვლიდან
15 ივლისამდე პერიოდში, მაშინ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება
მიმდინარე წლის ოქტომბერში. ხოლო, თუ შეწყვეტა მოხდა 15 ივლისიდან 15
თებერვლამდე, ამ შემთხვევაში არჩევნები გაიმართება 2021 წლის მაისში,
თუმცა ამ შემთხვევაში მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები აღარ
ჩატარდება, რადგან 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ისეც ტარდება“ - ქეთი ბებიაშვილი.
რაც შეეხება გიორგი გოგიჩაიშვილს. ქეთი ბებიაშვილის თქმით, ბრალის
დამტკიცების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუწდება მას არამხოლოდ
როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, არამედ როგორც საკრებულოს წევრს.
უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში კი საკრებულოს უმრავლესობას
აქვს უფლება იმსჯელოს და აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.
„თუ შეუწყდა უფლებამოსილება საკრებულოს წევრს, ამ
შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს,
წარმოდგენილ შემთხვევაში შესაძლოა დადგეს საკითხი იმავე პარტიიდან
ახალი წევრის დამატებასთან დაკავშირებით. საკრებულოს თავმჯდომარე
შესაძლოა გახდეს რიგითი დეპუტატი, რომლის არჩევასაც გადაწყვეტს
დეპუტატების უმრავლესობა“ - განაცხადა ტელეკომპანია
„ბორჯომთან“ საუბრისას ქეთი ბებიაშვილმა.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს, ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე
დააკავეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და დოკუმენტაცია შეამოწმეს.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის
აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე
მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მომდევნო პროცესი
აპრილშია ჩანიშნული. როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ეტაპზე
უცნობია.