სენატი ტრამპს ირანთან ომის წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს
აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს,
კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების
წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს. რეზოლუციას მხარი სენატის 55-მა
წევრმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი წავიდა. მომხრეთა შორის 8
"რესპუბლიკელიც" იყო.
მანამდე ტრამპმა სენატი გააფრთხილა, რომ ამ ზომისთვის მწვანე შუქი არ
აენთო:
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აშშ-ის
სენატმა მხარი არ დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ საომარი ძალის
გამოყენების თაობაზე ამ რეზოლუციას. თუკი ხელებს შემიკრავენ, ირანს
დღესასწაული ექნება", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მიუხედავად თეთრი სახლის წინააღმდეგობისა, "დემოკრატი" სენატორის ტიმ
კეინის მიერ ინიცირებულმა რეზოლუციამ სენატში ორივე პარტიის
მხარდაჭერა მოიპოვა.
რეზოლუციის ინიცირების იდეა აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრში მას შემდეგ
გაჩნდა, რაც ბაღდადში აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად
ირანელი მაღალჩინოსანი ყასემ სულეიმანი გარდაიცვალა და ორ ქვეყანას
შორის ურთიერთობები დაიძაბა.