რატომ დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის სამმა დეპუტატმა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ
გერსამია და ნინო კალანდაძე აცხადებენ, რომ პარტიას ტოვებენ.
ბიბილაშვილს ფორმალურად პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის
პოსტი ეკავა, გერსამია და კალანდაძე კი პოლიტსაბჭოს წევრები
იყვნენ.
მათი ერთობლივი განცხადების თანახმად, 2 წელია პარტიულ საქმიანობას
ჩამოშორებული არიან და „ფოკუსირებული არიან „ჭავჭავაძის ცენტრის“
განვითარებაზე.
„ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს
ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო
განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის
გავრცელების გზით,- ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად ისინი
წყვეტენ პარტიულ საქმიანობას, როელიც ამ დრომდე ფორმალური
იყო".
მათივე ინფორმაციით, არ აპირებენ არც ერთ სხვა პოლიტიკურ
გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში
მონაწილეობას.
„ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი
პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების
შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე,
ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად
დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს
პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ
მომავალზე“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.