2020 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას განახლებულ გუნდს და
საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ
, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
-როგორ შეაფასებდით დანაკლისს, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მისი
რიგებიდან პოლიტიკური სახეების წასვლით მიიღო? როგორ აისახება ეს
როგორც პოლიტიკურად, ასევე საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით?
" მათი წასვლა მართლაც გულდასაწყვეტია. ჩვენი
თანაგუნდელები, ვინც უმრავლესობა და პარლამენტი დატოვეს, წლების
განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და მუშაობდნენ. მეგობრობაზე რომ
არაფერი ვთქვათ, ასეთი ადამიანების ყოფნა გუნდში, ნებისმიერი
პოლიტიკური პარტიისთვის უპირატესობა იქნებოდა. მოგვწონს თუ არა, მათ
გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. პოლიტიკას და სახელმწიფო საქმეებს
შეჩერება არ უხდება, ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ საკადრო გადაადგილებები
და ვაგრძელებთ მუშაობას. 2020 წლის არჩევნებისთვის განახლებულ გუნდს
და საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ საზოგადოებას" -
არჩილ თალაკვაძე
- არიან ადამიანები, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020-ის
არჩევნებისთვის, გუნდში აღარ იქნებიან? ახალი სახეები?
"ყველა წევრი, ვინც თავისი წვლილი შეიტანა წარმატებებში,
ქვეყნის განვითარებაში და რეფორმებში, გუნდში მომავალშიც თავის
ღირსეულ ადგილს დაიკავებს. არავისთვის თვითმიზანი არ არის პარლამენტის
წევრობა ან სახელმწიფო თანამდებობა - ეს არის მხოლოდ საშუალება საქმის
კეთებისთვის. 1 წლის წინ ჩვენმა პარტიამ დაიწყო მუშაობა ახალი
კადრების მოზიდვის მიზნით და 2020 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ
შემოგვიერთდებიან ახალი, წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანები.
განახლება ყოველთვის საჭიროა. ასე მოხდა 2016 წლის არჩევნებში და ასე
მოხდება ახლაც" .
რაც შეეხება უშუალოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, კრიზისიდან
გამოსასვლელად ამ ეტაპზე არსებობს ორი პროექტი: ერთი - ოპოზიციის მიერ
მომზადებული ე.წ. გერმანული მოდელი, მეორე - 100/50-ის მოდელზე
„ქართული ოცნების“ შეთავაზება. ოპოზიცია თქვენს წინადადებას იწუნებს,
თქვენ კი ოპოზიციის ინიციატივას. ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა რაღაც
მესამე, რომელშიც ორივე მხარე კიდევ უფრო მეტ დათმობაზე წავა?
"დიალოგი გრძელდება და იმედი მაქვს შევძლებთ კომპრომისული
გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტობრივად რომ ვიმსჯელოთ, საკანონმდებლო
დონეზე ყველაზე ბოლოს დამტკიცებული მოდელი 2020 წლის არჩევნების
ჩასატარებლად იყო შერეული, 77/73 მოდელი; ახლანდელი ჩვენი შეთავაზება
100/50 - მასთან შედარებით ბევრად კომპრომისული და დაბალანსებულია, ის
მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარულ მანდატებს და ხელშესახებად ზრდის
პროპორციულს. სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობის ნაცვლად,
ოპოზიცია აპელირებს დაპირებებზე, პოლიტიკურ მოვლენებზე და ხშირად
მორალს გვიკითხავს იქ, სადაც მორალური უპირატესობა ნამდვილად არ
გააჩნია. მიუხედავად ყველაფრისა, შეთანხმება სასურველია და იმედი
მაქვს, ეს მოხერხდება".
თუკი ბოლო წლების გამოცდილებას გადავხედავთ, საქართველოში პოლიტიკური
კრიზისების შექმნის საფუძველი ყოველთვის სახელისუფლო ძალაუფლების ერთი
პიროვნების თუ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ხელში ჩაგდება
ხდებოდა, რასაც დიდწილად მოქმედი საარჩევნო სისტემა იწვევდა.
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც არაერთხელ
აღუნიშნავს, რომ “ნაცონალურ მოძრაობას“ ავტორიტარიზმის განმტკიცების
საშუალებას სწორედ შერეული საარჩევნო სისტემა აძლევდა და ამ
კონტექსტში, მას ახალი კონსტიტუციის მთავარ მონაპოვრად პროპორციულ
სისტემაზე გადასვლა მიაჩნდა. რამ განაპირობა აღნიშნული პოზიციების სულ
რამდენიმე თვეში შეცვლა და სწორედ ქვეყნის უახლოესი ისტორიის
გათვალისწინებით, როგორ გესახებათ სტაბილურობის შენარჩუნება შერეული
საარჩევნო სისტემით დაკომპლექტებული პარლამენტის პირობებში? ასევე,
რატომ დააყენეთ კითხვის ქვეშ პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020
წლის შემდგომი არჩევნებისთვის ამოქმედების პერსპექტივა?
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს
სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში მოიგო არჩევნები და
მიუხედავად არნახული ზეწოლის და პოლიტიკური ტერორისა, ხელისუფლებიდან
ქვეყნის დესტაბილიზაციის გარეშე გაისტუმრა „ნაციონალური
მოძრაობა.
ჭარბი უპირატესობა რომ არავის ჰქონოდა მომავალში და
პოლიტიკური სისტემა უფრო დაბალანსებული, სტაბილური ყოფილიყო, ამ
მოტივით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები და
დაამტკიცა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2024 წლისთვის.
სხვათაშორის, ოპოზიციამ ამ ცვლილებებს ბოიკოტი გამოუცხადა, შედარებით
მეორეხარისხოვანი მიზეზების გამო".
ძალიან ხშირად ახსენებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ფიქრობთ, რომ
დროა, დასრულდეს საუბარი, რას აკეთებდა ყოფილი ხელისუფლება და აქცენტი
გაკეთდეს იმაზე, რას აკეთებს ან ვერ აკეთებს „ქართული ოცნება“?
" მხოლოდ ერთხელ ვახსენე, ისიც თქვენი შეკითხვით
გამოწვეული აუცილებლობის გამო. ისინი საზოგადოებას თავს ხშირად
ახსენებენ. ასევე, წინა ხელისუფლების „დავიწყება“ და ისტორიის უახლესი
გაკვეთილების იგნორირება არცერთ შემდგარ სახელმწიფოში არ ხდება.
იმისათვის, რომ აჩვენო შენ რა გააკეთე, უნდა შეადარო იმას, რაც
სხვებმა გააკეთეს. რა პრობლემას ხედავთ ამაში? ცხადია, ჩვენი
სამოქმედო პროგრამა, გუნდის განახლება და საქმიანობა მომავალზეა
გათვლილი, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები და სამომავლო
გეგმები".
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, როცა “ქართული ოცნება“ ბევრად
უკეთესს ფორმაში იყო, ვიდრე არის დღეს, პარტიისთვის ხმა ამომრჩეველთა
48%-ზე მეტს არ მიუცია (პროპორციული წესით “ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ
44 დეპუტატის გაყვანა შესძლო და უმრავლესობა მაჟორიტარული მანდატების
დამატებით მოიპოვა). როგორია დღეს პარტიის შანსები და “ქართული
ოცნების“ ლიდერებს რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ არჩევნებს
მოიგებთ? კვლავ მაჟორიტარების იმედად ხართ? ექსპერტების ნაწილის
აზრით, „მაჟორიტარულ სისტემაზე ჩაფრენით“ ხელისუფლება თავადვე
ამჟღავნებს, რომ ის არც თუ მტკიცედ არის დარწმუნებული თავის
მომავალში...
"ჩვენ ვენდობით და პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების
არჩევანს - რა გადაწყვეტილებასაც ამომრჩევლები მიიღებენ არჩევნებში,
ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება. ამ წლების განმავლობაში „ქართულმა
ოცნებამ“ ხელშესახები საქმე გააკეთა - ყველა წინააღმდეგობის,
ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან დესტრუქციის, წინა
ხელისუფლების მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად,
შეძლო არსებითი გაუმჯობესება მშვიდობის და უსაფრთხოების
უზრუნველყოფის, ადამიანის უფლებების, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის და
ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური ზრდის და განათლების დაფინანსების
კუთხით. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში მშვიდობა
შენარჩუნებულია; გაიხსენეთ, რომ ადამიანის უფლებები უფრო უკეთ არის
დაცული და შედარებისთვის მაშინდელი და ახლანდელი სასჯელაღსრულების
სისტემაც საკმარისია; მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება
და უვიზო მიმოსვლა, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან;
გაიზარდა NATO-სთან თავსებადობა; გაძლიერდა თანამშრომლობა აშშ-სთან;
დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც დღემდე 7 მილიონზე მეტი
სამედიცინო შემთხვევა დააფინანსა; დავიწყეთ C ჰეპატიტის პროგრამა;
განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქებსა და
სოფლებში, აშენდა მაგისტრალები; თბილისი და მისი განვითარება გახდა
თვალსაჩინო არაერთი მიმართულებით - ინფრასტრუქტურის, კულტურული და
სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით.
გვჯერა, ეს და სხვა საქმეები საზოგადოების მხრიდან სათანადოდ იქნება
შეფასებული. კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო გეგმები
და ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდგომში. ახალ სამოქმედო პროგრამას
და განახლებულ გუნდს ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას, ჩავატარებთ
ეფექტურ წინასაარჩევნო კამპანიას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,
„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების რეალური შესაძლებლობა
აქვს".
მმართველ გუნდში ხშირად იმეორებენ, რომ თუ ოპოზიცია 100/50-ის მოდელზე
უარს იტყვის, 2020-ის არჩევნები კვლავ არსებული, ე.წ. შერეული
საარჩევნო სისტემით ჩატარდება. როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დასრულდება
„ქართული ოცნებისთვის“ ამ შემთხვევაში არჩევნები, თუკი
გავითვალისწინებთ, რომ მეორე მხარეს ოპოზიციასთან ერთად საზოგადოების
საკმაოდ დიდი და განაწყენებული ნაწილი დგას?
"ამაზე უკვე ვისაუბრე და კვლავ გავიმეორებ, რომ არჩევნები
ნებისმიერი მოდელის პირობებში დემოკრატიულად და გამჭვირვალედ
ჩატარდება. ჩვენ გვჯერა ჩვენი ამომრჩევლების და პატივს ვცემთ ჩვენი
საზოგადოების არჩევანს. იმედი მაქვს, დიალოგიც შეთანხმებით
დასრულდება".
“ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგებს საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის
ფაქტორი განაპირობებდა. უშუალოდ თქვენი მონაცემებითა და შეფასებით,
როგორია დღეს საზოგადოებაში ივანიშვილისადმი ნდობის რეიტინგი?
"რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, ბიძინა ივანიშვილი
საკუთარ შესაძლებლობებს, ფინანსებს და პოლიტიკურ რეიტინგსაც ხარჯავს
თავისი ქვეყნისთვის. მან უდიდესი და მამულიშვილური საქმეები გააკეთა -
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აბასთუმნის აღდგენა, კულტურული
ძეგლების რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთილის სანაპირო
ზოლის ახალი ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა, სამეცნიერო და კვლევითი
საქმიანობის ხელშეწყობა, ვაზის უნიკალური ჯიშების აღდგენა,
ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაცია და მშენებლობა, სპორტული
ინფრასტრუქტურის დაფინანსება და სპორტის ხელშეწყობა, ქვეყნის მწვანე
რესურსის განვითარება და უნიკალური პარკების შექმნა... ეს მხოლოდ
ნაწილია, რაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქვეყნისთვის
გააკეთა".
მე ვგულისხმობდი ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, როგორც „ქართული
ოცნების“ ლიდერის...
"ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულ ოცნებას“ თავისი
მმართველობის მერვე წელს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, რაც სწორი
წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენს
გუნდში არიან ლიდერები, ვისაც საზოგადოება ენდობა და მხარს
უჭერს".
დაბოლოს, მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციაზეც
მინდა გკითხოთ. მედიაში აქტიურად წერენ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე
გიორგი გახარია შესაძლოა, თქვენ შეცვალოთ... ზოგადად, ბოლო პერიოდში
თითქმის ყოველთვის მართლდება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით
მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ
ჟურნალისტები ამჯერად ვცდებით?
"თანამდებობა არ არის არცერთი ჩვენგანის თვითმიზანი.
მთავრობის მეთაური არის გიორგი გახარია, ის ძლიერი და განათლებული
ადამიანია და ბევრს მუშაობს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს.
სამთავრობო ცვლილებებზე გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის
მიღებული"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
ინტერპრესნიუსთან საუბრისას.