ახალი ამბები
„ვისღა აინტერესებს რუსული კანონი“? - ალენ ბერსეს პრეზიდენტი, პარტიები და არასამთავრობოები აკრიტიკებენ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღო დაპირება „აგენტების კანონის“ შეცვლაზე და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს არ დაადასტურა და თქვა, რომ შეთანხმება შედგა კანონთან დაკავშირებით დისკუსიაზე და კანონს მხოლოდ მაშინ შეცვლიან, თუ მის „სამართლებრივ ხარვეზებს“ დაუსაბუთებენ.



„ვისღა აინტერესებს“?


სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ალენ ბერსე და მისი დელეგაცია „მგონი, ცოტა გაუგებრობაში არიან“.

„კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე ავუხსენი, რომ ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია ერთადერთ რამეზე: დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და ადამიანის უფლებები“.




პრეზიდენტმა განაცხადა:


„მათი არც მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლება არ არის, კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ - რა? რუსული კანონი! ვისღა აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა“?!



„რეალობას მოწყვეტილი“


„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, - ასე გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარია, პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, ბერსეს განცხადებას „აგენტების კანონის“ შესაძლო ცვლილებაზე.

ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბერსეს გაჟღერებულ ინიციატივას არ ემხრობა და „შარლ მიშელი 2 არ იქნება“:



„ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“, - წერს გვარამია.


მისი თანაგუნდელი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ახლა პროტესტის მკაფიო მოთხოვნა ახალი არჩევნებია. ის ფეისბუკზე წერს:

„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. დღეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ) პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები“.




„კრიზისს ეს ვერ უშველის“


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ „აგენტების კანონის“ „გაკეთილშობილებას“ ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს.

„ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, ,,რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია. ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.


„თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს“, - მიიჩნევს საიას ხელმძღვანელი.


იმავე აზრზეა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე. ის აკრიტიკებს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას და აცხადებს:

„ნაცვლად იმისა, რომ სწორედ უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები ჰქონოდა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე მკაფიო განცხადებები გაეკეთებინა, მაინც პროცესის პოლიტიკური მხარდაჭერა მოინდომა და ქართული ოცნების ირიბი მხარდაჭერა გამოუვიდა“.

„რეჟიმის გაკეთილშობილების მანდატი არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს, როცა ხალხს ქუჩებში აწამებენ, მწამებლებს ღირსების მედლების დაკიდებას უპირებენ და უფრო მძიმე ავტორიტარიზმის მუქარას ვიღებთ ყოველ დღე. მხოლოდ ფუნდამენტური კომპრომისების შემდეგ შეიძლება საუბარი ნორმალიზების და დეესკალაციის სამუშაოებზე. ორდღიანი ვიზიტით, სტრასბურგიდან დანახული საქართველოთი და პოლიტიკური წონის გარეშე ამ პროცესს ვერ შექმნის ვერავინ“, - წერს იგი ფეისბუკზე.

ალენ ბერსემ მანამდე განაცხადა: „გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები [კანონის შეცვლაზე], ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს“.




მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეკრებას გარკვეული დრო დასჭირდება:



„რა გინდათ, შუადღესავე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები. ჩვენი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი დაკავებულები არიან, ბევრი სამუშაო აქვთ. ასევე, იწყება საშობაო არდადეგები... ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემთ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. გავუწევთ ორგანიზებას. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების - ერთ თვემდე ვადის“, - უპასუხა მან ჟურნალისტებს.

ალენ ბერსეს თქმით, ის საქართველოში „არჩევნების ლეგიტიმაციისთვის“ არ არის ჩამოსული: „მე აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი“, - განაცხადა მან.




წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ
საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ
რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული
არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების
ხარისხის გასაუმჯობესებლად.
16:43 / 21.12.2024
26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის
განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11
მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.
13:37 / 20.12.2024
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების
შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა
მინისტრი
10:12 / 20.12.2024
აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.