პოლიტიკა
ვინ ირჩევს ყაველაშვილს - ბორჯომის საკრებულოდან 3 წევრია კოლეგიის შემადგენლობაში
დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის
შენობაში, პირველად, არაპირდაპირი წესით, 5 წლის ვადით ირჩევენ
პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს.
პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ
უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კენჭისყრის პროცესში არ
მონაწილეობენ.
ამ კოლეგიის შემადგენლობაში ბორჯომის საკრებულოდან სამი წევრი
მონაწილეობს. ესენი არიან: ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე დავით
ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ფერაძე
და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი.
ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია "ბორჯომმა", საკრებულოს
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაამოწმა.
ასევე, კოლეგიის შემადგენლობაშია სამცხის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი
და ახლა უკვე დელეგატი "ქართული ოცნებიდან" ანტონ
ობოლაშვილი.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის
ლეგიტიმურობას არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტო, ბარიერგადალახული
ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა
აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით.
ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში
კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა.
კოლეგიის შემადგენლობაშია:
საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის
ბოიკოტის მიუხედავად];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო -
21 წევრი [ყველა წევრი];
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
- 20 წევრი [ყველა წევრი];
პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.
კოლეგიის 300 წევრიანი სიის სანახავად დააკლიკეთ აქ:
https://shorturl.at/elM4X
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების
ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის
უმრავლესობის - მინიმუმ 151 წევრის დასწრება. პრეზიდენტის ასარჩევად
კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა
საკმარისი. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას პარლამენტი ცესკოს
მეშვეობით უზრუნველყოფს.
მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში
აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის
მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს
ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა,
მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი,
რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც
ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
გააზიარეთ :