ახალი ამბები
პარლამენტთან აქციის პარალელურად, "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ირჩევს
პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს
არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით,
პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს.
კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“
წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ
ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც.
პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონეა" გამოცხადებული.
პროცესის გაშუქების შესაძლებლობა აქვს სპეციალურად ამ დღისთვის
აკრედიტებულ ტელე და ონლაინმედიას.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის
ლეგიტიმურობას არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული
ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა
აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, ტერიტორია
გადაკეტილი აქვს საპატრულო პოლიციას. პოლიცაა მობილიზებული
პარლამენტის გვერდითა - 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. საპოლიციო
ტექნიკაა მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც
პოლიცია იცავს ჯებირებით შემოსაზღვრულ საახალწლო ნაძვის ხესაც. რომლის
საზეიმო ანთებასაც თბილისის მერი კახა კალაძე 14 დეკემბერს საღამოს
19:00 საათისთვის გეგმავს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 დეკემბერს „ქართული
ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ
ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. მან ასევე
განაცხადა, რომ არსად არ მიდის.
სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ
უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე კი, როგორც
განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კენჭისყრის პროცესში არ
მონაწილეობენ.
ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში
კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა.
კოლეგიის შემადგენლობაშია:
საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის
ბოიკოტის მიუხედავად];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო -
21 წევრი [ყველა წევრი];
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
- 20 წევრი [ყველა წევრი];
პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს,
პროცესს ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დელეგატებს
პროცედურა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.
კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ,
ხმის მიცემა მიმდინარეობს ანბანური თანმიმდევრობით. დაგეგმილია, რომ
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ ცესკო არჩევნების
შედეგებს შეაჯამებს.
არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული
შემადგენლობის 2/3-ის ანუ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში
აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის
მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს
ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა,
მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი,
რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც
ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
წყარო: რადიო თავისუფლება
გააზიარეთ :