ევროკავშირი 16 დეკემბერს "დამატებით ზომებს განიხილავს" საქართველოსთან დაკავშირებით
ევროკომისიის თანახმად, 16 დეკემბერს
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში
განვითარებული მოვლენების საპასუხოდ "დამატებით ზომებზე"
იმსჯელებს.
"თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი იცავს თავის დემოკრატიულ
და ევროპულ მისწრაფებებს, აწყდება სასტიკ, უკანონო ძალას
პოლიციისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 10
დეკემბერს გაავრცელა ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობებისა და
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა.
განცხადების მიხედვით, ევროკავშირი გმობს "რეპრესიულ
ქმედებებს დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის
ლიდერების მიმართ და მოითხოვს ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ
გათავისუფლებას".
ევროკავშირი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დაასრულოს "მოქალაქეების
ფართო დაშინება, პოლიტიკური დევნა, სავარაუდო წამება და არასათანადო
მოპყრობა".
"ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ დეესკალაციისკენ და ამ გარემოს
დასრულებისკენ, რომელსაც დიდი ფასი აქვს ქართველი ხალხისთვის.
ძალადობა არაა პასუხი დემონსტრანტების მოთხოვნებზე საქართველოს
დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ", - ნათქვამია
განცხადებაში.
ევროკომისიის სპიკერის თანახმად, საქართველოს ევროინტეგრაციის
პროცესის შეჩერება "ქართული ოცნების" ქმედებებმა გამოიწვია:
"მუდმივ დემოკრატიულ უკუსვლას და ბოლო დროს ხელისუფლების მიერ
რეპრესიული საშუალებების გამოყენებას შედეგი ექნება ჩვენს ორმხრივ
ურთიერთობებზე", - ვკითხულობთ ტექსტში.
ანიტა ჰიპერი ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის
საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ 16 დეკემბერს დაგეგმილ
მინისტერიალზე, რომელზეც ისინი იმსჯელებენ "დამატებით ზომებზე".
9 დეკემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით ილაპარაკა ევროკავშირის ელჩმა
საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც.
მისი თქმით, ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები
საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან.
დემონსტრაციების დარბევაზე ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან
ჩამოთვალა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის
პასპორტებისათვის“; ასევე - პერსონალური სანქციების დაწესება „27-ვე
ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“.
პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა ისიც, რომ ერთ-ერთ საპასუხო ზომად უვიზო
რეჟიმის შეჩერებაც განიხილება:
„ვნახოთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. პასპორტების
კონკრეტული კატეგორიები შეიძლება დასანქცირდეს. ჩვენ არ გვინდა
დავსაჯოთ ის ხალხი, ვინც ქუჩაში აპროტესტებს, არამედ ხელისუფლება,
რომელიც პასუხისმგებელია ძალადობასა და სისასტიკეზე. ჩვენ ამაზე ვერ
გავჩუმდებით. და იმედი მაქვს, ორშაბათს ზომები იქნება
მიღებული“, - უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს.
მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება
პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. პოლიცია
მომიტინგეებს არბევს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების
გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად
მოიხსენიებენ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, 2028
წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს
წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს
ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-მდე მონაწილე ადმინისტრაციული
წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ
ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა
საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი
ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებისას და დაკავების შემდეგ არაერთ ადამიანს სცემეს.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც
ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.