საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე
პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში
არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე,
2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე
ევროკავშირის მხრიდან.
"ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად,
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია
განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა
გაიღოს... ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები
გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის
იყენებენ..." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს
ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028
წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის
მხრიდან.
2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად,
ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას
მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად...
ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში
შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას გამართული
დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით", - თქვა ირაკლი
კობახიძემ.