დღეს, პარლამენტში დაგეგმილი სხდომები არ გაიმართება
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2
მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული
სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს
14.00 საათამდე იმოქმედებს.
განცხადების თანახმად, ღონისძიებების გაუქმების მიზეზად დასახელებულია
ის, რომ „1 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს
პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა
პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს,
პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული
სხდომები) არ გაიმართება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის
სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და
აღდგენითი სამუშაოები“.
უსაფრთხოების წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება
არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის
სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად
განსაზღვრული პირებისა.
როგორც პარლამენტის განცხადებაში წერია, 2 მაისს, 14:00 საათის
შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე,
რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა,
შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის
თანამშრომლები.