პარლამენტი დღეიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.
მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს - ერთია, "ოკუპანტი
ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი
და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო
მეორე - "გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული
ცვლილებები.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე "ჩაგდებული"
პროექტის იდენტურია.
"აგენტების კანონის" განხილვის დაწყების პარალელურად, საქართველოს
პარლამენტი უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს. ამ დღეს
საკანონმდებლო ორგანოში სრულად იზღუდება ვიზიტორების შესვლა,
პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ ეძლევათ ონლაინ მედიის
ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენას და
გაშუქებას საქართველოს პარლამენტში ვერც ის ჟურნალისტები შეძლებენ,
ვისაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვს.
პარლამენტი მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით
ხსნის. "აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს
პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" -
წერია საქართველოს პარლამენტის 14 აპრილის საღამოს გავრცელებულ
განცხადებაში.
განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის,
რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში "უსაფრთხოების ყვითელი დონე"
იმოქმედებს. საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესი საქართველოს
პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო.
ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა შეიზღუდოს
ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე
ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.
საპარლამენტო განხილვის პარალელურად მოქალაქეები
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას
გეგმავენ.