"უდიდესი პარადოქსია, რომ ევროკავშირის კარი გაიღო და თბილისიდან შერეული სიგნალები მოდის" - EU-ს ელჩი
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი
დაესწრო “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ლიდერობით საზოგადოებრივი
ორგანიზაციების მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშის განხილვას,
სადაც შეფასებულია, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის
ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების
დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.
ელჩმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიმართა.
პაველ ჰერჩინკის სიტყვას ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ:
“ძვირფასო პარტნიორებო და ძვირფასო კოლეგებო, ამაყი ვარ,
რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ და ვისმენ თქვენს შეფასებებს, როგორ
ასრულებს საქართველო 9 ნაბიჯს. ისეთი ღონისძიებები, როგორზეც ახლა
ვიმყოფებით, აჩვენებს, რამდენად დიდია სამოქალაქო საზოგადოების
ხელშეწყობა საქართველოს რეფორმებისკენ წინსვლაში და როგორ აკეთებს
ამას სამოქალაქო საზოგადოება.
საქართველოს ცოცხალი და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს.
ეს სამოქალაქო საზოგადოება აერთიანებს ბევრ ახალგაზრდა ლიდერს, სფეროს
ექსპერტს, გამოცდილ პროფესიონალს. თქვენ ხართ ის რესურსი, რომელზეც
ყველა დემოკრატიულმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ისარგებლოს
მისით.
სამწუხაროდ, ბოლოს დროს ვხედავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას
საქართველოში რთულ გარემოებებში უწევს ოპერირება და ეს სირთულეები
მზარდია. ვხედავთ მზარდ უნდობლობას, კლებად ჩართულობას მთავრობასა და
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის. ამას თან ახლავს
აგრესია, რომლის სამიზნე ეს ორგანიზაციები ხდებიან.
გასულ კვირას ასევე ვიხილეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის”
შესახებ კანონპროექტის შემობრუნება. ყველას გვახსოვს, რომ ზუსტად ერთი
წლის წინ ეს კანონპროექტი უპირობოდ გაიწვიეს. ევროკავშირს სწრაფი
რეაგირება ჰქონდა. უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა ამ
კანონპროექტის შესახებ ჩვენი სერიოზული შეშფოთება მეორე დღესვე
გამოხატა.
როგორც იცით, თბილისში ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების
კომიტეტის წევრებს ვმასპინძლობთ, 27 ელჩს, რომლებიც ევროკავშირის წევრ
ქვეყნებს წარმოადგენენ. მათი ვიზიტის ფარგლებში გვაქვს დისკუსიები
ყველა დონეზე. მათ შორის შეხვედრები პრეზიდენტთან,
პრემიერ-მინისტრთან, ყველა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებთან. ყველამ აღვნიშნეთ, რაც გვაშფოთებს.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: ისეთი გარემოს შექმნა,
შენარჩუნება, რომელიც გასაქანს მისცემს სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებს; ასევე, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა საფუძველია
ნებისმიერი დემოკრატიისთვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანი
ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.
გასული წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის
სტატუსი მიანიჭა. ეს იყო ნამდვილად ისტორიული დღე. კანდიდატის სტატუსი
მიენიჭა საქართველოს იმ დაშვებით, რომ შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც
გაიწერა კომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში, გადაიდგმებოდა: 9
ნაბიჯი.
მეცხრე ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რომ
უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მოქმედების თავისუფლება.
პირველი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს ევროკავშირისა და
ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი საქართველოსგან, როგორც ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნისგან, რომ ის უერთგულებს თავის მისწრაფებებს
დემოკრატიის ხელშეწყობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა
დაცვისკენ.
დრო იწურება. თუ საქართველოს უნდა, რომ წინ წაიწიოს და გადავიდეს
ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, წელს ,შემოდგომით ევროპის კომისია
კვლავ გამოაქვეყნებს ანგარიშს და შეაფასებს საქართველოს პროგრესს,
რაზე დაყრდნობითაც შემუშავდება რეკომენდაცია – გაუხსნას თუ არა
ევროკავშირმა საქართველოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ.
ევროკავშირმა ცხადად და გარკვევით განაცხადა, რომ ჩვენი კარი
საქართველოსთვის ღიაა! მაგრამ საქართველომ შეფერხებების გარეშე უნდა
იმოქმედოს, იმოძრაოს ევროკავშირის წევრობისკენ და შესაბამისი
რეფორმები განახორციელოს. 5 თვე უკვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპის
კომისიამ ნათლად გაწერა, რა რეფორმები უნდა განახორციელოს საქართველომ
ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად.
სინამდვილეში, ჩვენ უკვე დავიწყეთ ანგარიშის წერა შემდეგი
გაფართოებისთვის საქართველოს შესახებ. გავითვალისწინებთ ყველა
ინფორმაციას, რასაც მოგვაწვდის მთავრობა, პოლიტიკური პარტიები,
საერთაშორისო პარტნიორები და, რა თქმა უნდა, თქვენ – სამოქალაქო
საზოგადოება.
გასულ თვეში საჯარო საკონსულტაციო შეხვედრები გვქონდა სამოქალაქო
საზოგადოებასთან. შეგახსენებთ, ხვალ, 12 აპრილს, არის ბოლო ვადა, რომ
წერილობითი სახით მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, რასაც გაფართოების
შესახებ ანგარიშის შემუშავებისას გამოვიყენებთ. თქვენი წვლილი ჩვენს
შეფასებებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, ყველა იმ
მთავარ ელემენტს მოიცავთ ანგარიშიდან, რომელიც დღეს უნდა
წარმოადგინოთ.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი პრეზენტაცია ბიძგს მისცემს
პოლიტიკურ ლიდერებს, დაუბრუნდნენ საჯარო მსჯელობას იმ საკითხებზე, რაც
9 ნაბიჯშია გაწერილი. ამავე დროს, თქვენზეა დამოკიდებული, ყველა
ქართველზე, რა მიმართულებით გინდათ, რომ იაროს თქვენმა ქვეყანამ.
იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ლიდერები დაგეგმავენ და განახორციელებენ
იმ რეფორმებს, რომლებიც შეესატყვისება ევროკავშირში გაერთიანებასთან
დაკავშირებით გაცხადებულ მიზანს, რასაც, როგორც ვიცით, საქართველოს
მოქალაქეების უზარმაზარი უმრავლესობა უჭერს მხარს. ჩვენც კიდევ ერთხელ
გვექნება მიზეზი, რომ ერთად ვიზეიმოთ, როგორც ეს გასული წლის
დეკემბერში გავაკეთეთ, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი
მიენიჭა.
გარწმუნებთ, როგორც ევროკავშირის, როგორც ევროკავშირის დელეგაციის
წარმომადგენელი თბილისში – ჩვენ თავს არ დავზოგავთ, რომ დაგეხმაროთ,
ხელი შეგიწყოთ, მეგზურობა გაგიწიოთ, მოგაშველოთ ექსპერტები,
გამოვიყენოთ ჩვენი პროგრამები თანამშრომლობისთვის, რათა დარწმუნებული
ვიყოთ, საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირისკენ. მაგრამ ეს
გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია! კარი ღიაა, მაგრამ კარში თქვენ უნდა
შეხვიდეთ! ყურადღების გაუფანტავად, საჭირო რეფორმებზე
კონცენტრირებული.
ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივად მიიღეს დიდი და მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება. მე პირადად ძალიან გამიკვირდა, რომ ეს გადაწყვეტილება
მიიღეს. რადგან უამრავი დისკუსიის მონაწილე ვყოფილვარ, სადაც,
სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში არ იყო თანხმობა ჯერ 28, შემდეგკი
27 სახელმწიფოს შორის, რომ კარი გაღებულიყო მორიგი გაფართოებისთვის.
წელს 20 წლისთავს ვიზეიმებთ წინა დიდი გაფართოების შემდეგ.
ევროკავშირისთვის მაშინ ეს შოკი იყო. რაღაც დრო დაგვჭირდა იმისთვის,
რომ გადაგვეხარშა 13 ახალი სახელმწიფოს შემომატების ამბავი. არ
არსებობდა განწყობა მორიგი გაფართოების სასარგებლოდ.
დასავლეთბალკანური ქვეყნებიდან თქვენი კოლეგები პირდაპირ გეტყვიან,
როგორი იმედგაცრუებული იყვნენ, როცა წლების განმავლობაში ელოდნენ, რომ
ევროკავშირი ბოლოსდაბოლოს მისულიყო იმ წერტილამდე, სადაც ახლა
ვდგავართ.
10 ქვეყანაა, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან.
საქართველო ერთ-ერთია მათ შორის. ზოგიერთი უფრო სწრაფად მიიწევს წინ –
მოლაპარაკებები უკვე გაიხსნა უკრაინასთან და მოლდოვასთან წლის
დასაწყისში. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება,
რომ გახსნან მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც. საქართველოს
ყველაფერი აქვს, რომ ამ ქვეყნებივით წარმატებული იყოს და მეტიც, მათზე
წარმატებული. საქართველოს მოსახლეობის 85-90% ქვეყნის ამ გეზს უჭერს
მხარს. ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში, პარლამენტში ამ გეზს
უჭერს მხარს.
აქ არის სწორედ დიდი პარადოქსი, უდიდესი. სწორედ მაშინ, როცა კარი
ფართოდ გაიღო, შერეული განწყობის სიგნალი მოდის თბილისიდან. წარსულში
კარი რომ დახურული იყო, ქართველები დაჟინებით აკაკუნებდნენ ამ კარზე
და გაღებას ითხოვდნენ. ზოგჯერ, როგორც ჯერ დიპლომატი, რომელიც ჩემს
სამშობლოს წარმოვადგენდი, და მერე როგორც ევროკავშირის ჩინოსანი,
უხერხულად ვგრძნობდი თავს, რომ ეს კარი დახურული იყო და მის გაღებაზე
ვერ ვთანხმდებოდით. ახლა ეს კარი ფართოდაა გაღებული და რა მივიღეთ?
ჭოჭმანი, ორაზროვნება, განსხვავებული იდეები. უნდა გადაწყვიტოთ. ახლაა
დრო და დრო გადის. სხვები წინ მიიწევენ. გულწრფელად გირჩევთ, რომ არ
გაფლანგოთ დრო.
ეს არის ის, რისი თქმაც მინდა ყველასთვის და ყველა ჯერზე, როცა მედიას
ვხვდები.
კარი ღიაა და ღიად დარჩება. ჩვენ გვაქვს საკმარისი მოთმინება.
გვესმის, რომ ზოგჯერ ძნელია, ზოგჯერ დაბნეულობაა, ზოგჯერ გააზრება,
განხილვაა საჭირო. კი ბატონო. გადაწყვიტეთ.
წინ არჩევნები გელით. არჩევნები, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში,
ქმნის ატმოსფეროს ელექტორალური კამპანიისთვის. ხანდახან მოკლევადიანი
ელექტორალური თამაშები ხდება პრიორიტეტული და ჯაბნის გრძელვადიან
სარგებელს, რაც მთელ ქვეყანას ექნებოდა. ჩვენც გვექნება არჩევნები
ევროპაში, გვესმის.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. კარი ღიაა. გელოდებით.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.
გამოვხატავ მადლობას მუყაითი და ხშირად გულადი მუშაობისთვის, რასაც
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ეწევით. ყურადღებით ვეკიდებით
თქვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს”, – თქვა
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.