ამერიკამ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა
აშშ-ი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის
მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. ვაშინგტონმა რუსეთს ჩამოართვა სტატუსი,
რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა და რაც საშუალებას აძლევდა
რუსეთს, რომ თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი
ანტიდემპინგური ტარიფებისთვის.
როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ
რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს
ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე.
„რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის
შესახებ გადაწყვეტილება აძლევს უფლებას აშშ-ს, ანტიდემპინგური
კანონმდებლობა სრული სიმკაცრით აამოქმედოს, რათა აღმოფხვრას ბაზარზე
არსებული ხარვეზები, რომლებიც გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების
ეკონომიკის მუშაობაში მზარდმა ჩარევამ“, – აცხადებენ აშშ-ის ვაჭრობის
დეპარტამენტში.