პოლიტიკა
"ქართულ ოცნებასთან" და ივანიშვილთან დაკავშირებული პირები და კომპანიები სამცხე-ჯავახეთიდან
„ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფი პირები.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა და მათი ოჯახის წევრებმა, ასევე, ბიზნეს პარტნიორებმა და შემწირველებმა, სულ 8 სუბიექტმა, ელექტრონული აუქციონით, 22 120 კვ.მ ფართობი იყიდეს. აქედან, 16 325 კვ.მ. (73.8%) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით.


თამარ დალალიშვილმა, 2016 წლის 23 მარტს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ 3,200 ლარად, ახალციხეში, დიდიმამიშვილის N1-ის მიმდებარედ 40 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. მისი მეუღლე, ბიჭიკო მოდებაძე, 2012 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ წევრია, 2018 წლის 31 მარტს, ბიჭიკო მოდებაძე „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრად აირჩიეს. ამავე წლის 13 ივნისს, ბიჭიკო მოდებაძის შვილმა, ირაკლი მოდებაძემ, ასევე ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 23,500 ლარად, ახალციხეში, ურაველში 7,128 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა შეიძინა. ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 25 მაისს, კვლავ ურაველში, ირაკლი მოდებაძემ, უკონკურენტოდ, 6,700 ლარად, 1,746 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იყიდა.

გარდა ამისა, ბიჭიკო მოდებაძის ძმის შვილმა, კახაბერ მოდებაძემ, 2017 წლის 29 დეკემბერს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 3,200 ლარად, ახალციხეში, ურაველის ხიდის მიმდებარედ 579 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. კახაბერ მოდებაძე, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმოს“ სამუშაოების მწარმოებლად მუშაობდა, კომპანია ახალციხეში ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის კორპუსს აშენებდა.

შპს „საბპეტროლმა“, 2016 წლის 19 სექტემბერს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 28,000 ლარად, ადიგენში, არალში 2,745 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. 2016 წლის 13 ოქტომბერს, ასევე, უკონკურენტოდ, ამავე სოფელში, 749 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 12,000 ლარად შეიძინა. აღნიშნული კომპანიის დირექტორისა და 25% წილის მფლობელის, პავლე ბათმანაშვილის კუთვნილმა შპს „არალ-პეტროლმა“, ორი ნაკვეთის ყიდვიდან ერთ თვეში, 2016 წლის 20 ოქტომბერს, „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შეწირა.

პავლე ბათმანაშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „ლიდოილმა“ , რომლის 50% წილის მფლობელი და დირექტორიც თავადაა, 2021 წლის 17 ივნისს, ელექტრონული აუქციონით, უკონკურენტოდ, 40,000 ლარად, ახალციხეში, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ 1,552 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. ერთ თვეში, 2021 წლის 3 აგვისტოს, ბათმანაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 10,000 ლარი შეწირა. მის კომპანიებს, შპს „პარა პეტროლს“, შპს „არალ-პეტროლს“ და შპს „ემპა კომპანის“, 2015-2022 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებით 700,000 ლარზე მეტი აქვს მიღებული.

სამველ გოგორიანმა, 2019 წლის 31 მაისს ახალქალაქში, 41,000 ლარად, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული 1,629 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. იგი, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატის სამველ მანუკიანის ბიზნესპარტნიორია. ამ დროს, სამველ გოგორიანი და სამველ მანუკიანი შპს „გეოფუდში“ 50-50% წილს იყოფდნენ.

იმედა მუმლაძემ, 2020 წლის 16 აპრილს, 22,500 ლარად, უკონკურენტოდ, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე 7 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა, ასევე, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 204 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა იყიდა. ვიდრე, სახელმწიფო აღნიშნულ ნაკვეთებს აუქციონზე გასაყიდად გაიტანდა, მანამდე, იმედა მუმლაძის და მისი ბიზნეს პარტნიორის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა მიქელაძის კომპანიამ შპს „ატლანტ ოილმა“ მშენებლობის ნებართვის გარეშე ამ მიწაზე ბენზინგასამართი სადგური ააშენა. უკანონო მშენებლობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2020 წლის აპრილში წერდა. აღსანიშნავია, რომ იმედა მუმლაძემ 2020 წლის 27 მაისს, 33,000 ლარად, ასევე, უკონკურენტოდ, ახალციხეში, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ 1,029 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც შეიძინა.

ზაურ ცხადაძემ, 2021 წლის 9 დეკემბერს, 960,000 ლარად, აბასთუმანში მდებარე 3,417 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნაკვეთის ყიდვამდე ოთხი თვით ადრე, 2021 წლის 24 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შეწირა.

შპს „მშენ-2014-“მა, 2021 წლის 29 ივლისს, 35,000 ლარად, უკონკურენტოდ, ბორჯომში, სტალინის ქუჩის მიმდებარედ 1,295 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა იყიდა. კომპანიის დირექტორის, შალვა ფხიკიძის სხვა კომპანიამ შპს „მშენ - 2008“-მ, რომლის 70% წილის მფლობელი და დირექტორიცაა, მიწის ყიდვამდე ერთი თვით ადრე, 2021 წლის 2 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ 15,000 ლარი შეწირა. შალვა ფხიკიძის სამ კომპანიას, შპს „მშენ- 2008“-ს, შპს „ტეხასი“-ს და შპს „მშენ-2014“-ს 2016-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 131,830 ლარი აქვს მიღებული.




ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა 8 კომპანიამ, ელექტრონული აუქციონით, ჯამში 46 144 კვ.მ. ფართობი იყიდა, მათ შორის 23 434 კვ.მ. (50.7%) უკონკურენტოდ გასხვისდა. რვავე კომპანიამ მიწები აბასთუმანში, 2018 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ შეიძინა, რაც აქ ბიძინა ივანიშვილმა სახლის ასაშენებლად მიწა იყიდა.

დემეტრე თათეშვილმა 2018 წლის 29 აგვისტოს, ელექტრონული აუქციონით, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა N18-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2,000 კვ.მ. მიწა 222,000 ლარად და 1,883 კვ.მ. 210,000 ლარად, უკონკურენტოდ შეიძინა. თუმცა, 2020 წლის აგვისტოში, თათეშვილმა ორივე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უკან დაუბრუნა. სანაცვლოდ, ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 4,660 კვ.მ. მიწა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება და ბიძინა ივანიშვილის მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფ მერიოტთან“ ახლოს მდებარეობს. თათეშვილებმა, 2018 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ჩავიდა, მას სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდეს. დემეტრე თათეშვილმა ელექტრონულ აუქციონზე ორი ნაკვეთი, სწორედ ამ გარიგებიდან ათ დღეში შეიძინა.

შპს „ემერალდმა“ 2018 წლის 10 სექტემბერს, აბასთუმანში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 1983 კვ.მ. 161,000 ლარად და 1,145 კვ.მ. 96,000 ლარად უკონკურენტოდ იყიდა. კომპანია ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული, რადგან მისი 100% წილი სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.

სს „GAVELTON INVESTMENTS LIMITED“-მა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, უკონკურენტოდ, 373,000 ლარად, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 4,613 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. ასევე, 2020 წლის 10 ოქტომბერს, 8,000 ლარად, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ 40 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც იყიდა. აღნიშნული კომპანია, ბელიზშია რეგისტრირებული და მისი საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, შესაძლოა, ეს კომპანიაც ბიძინა ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული, რადგან ამ მიწის ნაკვეთის გარშემო არსებული ნაკვეთები, სწორედ მისმა კომპანიებმა შეიძინეს.

შპს „ცისარტყელამ“, 2018 წლის 18 დეკემბერს, აბასთუმანში, 557,000 ლარად, 5,539 კვ.მ. 2019 წლის 21 ივნისს კი 220,500 ლარად, ასევე, აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე 2,183 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები უკონკურენტოდ იყიდა. გარდა ამისა, შპს „ცისარტყელამ“, 2020 წლის 2 ივნისს, 43,000 ლარად, აბასთუმანში 114 კვ.მ. არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც შეიძინა. კომპანიის 51% წილის მფლობელი შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია“. ეს შპს კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ, ოფშორში რეგისტრირებულ სს „FRANKSTON INTERNATIONAL “-ს ეკუთვნის.

“ასოციაცია ატუმ“, 2019 წლის 3 იანვარს, 6,800 ლარად, სოფელ აბასთუმანში 116 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნული კომპანია პირდაპირაა დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან.

შპს „სანაპიროს ხედმა“, 2019 წლის 15 თებერვალს, 3,540,000 ლარად, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა N40-ში მდებარე 16,004 კვ.მ. 2,974 კვ.მ. და 4,607 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები იყიდა მათზე განთავსებული ნაგებობებითა და ასევე, ნანგრევი შენობებით. ამავე წლის, 13 სექტემბერს, უკონკურენტოდ, 72,000 ლარად, კვლავ აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა N49-ის მიმდებარედ არსებული 1,751 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც შეიძინა. ამ შპს-ს მესაკუთრე, ასევე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული და ოფშორში რეგისტრირებული „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“.

შპს „აბასთუმანი 2019“-მა, 2019 წლის 15 აგვისტოს, აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე 71,000 ლარად 582 კვ.მ, 2020 წლის 2 სექტემბერს 114,000 ლარად 759 კვ.მ, 2020 წლის 19 ნომებერს, 26,500 ლარად 105 კვ.მ და 59 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები უკონკურენტოდ იყიდა. შპს „აბასთუმანი 2019“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ, ოფშორში რეგისტრირებულ „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელს“ ეკუთვნის.

შპს „ოცხე 2020“-მა, 2020 წლის აგვისტო-ნოემბერში, უკონკურენტოდ მოიგო პრივატიზაციის სამი ელექტრონული აუქციონი, 64,000 ლარად, 13,000 ლარად და 51,000 ლარად, ჯამში 832 კვ.მ ფართობი, აბასთუმანში. კომპანია 2020 წლის 30 ივნისს დარეგისტრირდა, პირველი მოგებული აუქციონის გამოცხადებამდე (2020 წლის 7 აგვისტო) დაახლოებით, ერთი თვით ადრე. კომპანიის დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა, ზურაბ კიკნაძემ „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის 20 მარტს, 25 ათასი ლარი შეწირა. ზურაბ კიკნაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმოს“ დირექტორი და 20% წილის მფლობელია.

ინფორმაციას-"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს"
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.