"ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - დანიელსონმა თბილისი დატოვა
მედიატორ კრისტიან დანიელსონის
განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების
მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ
რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.
"მე ჩართული ვიყავი ინტენსიურ მოლაპარაკებებში ამ კვირაში, როგორც
პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, მისი ვიზიტისა და
შემოთავაზების შემდეგ, რომ ევროკავშირს მედიაციის როლი შეესრულებინა.
ევროკავშირმა და აშშ-მ დიდი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ
დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევასა და საქართველოში
პოლიტიკური კრიზისი დასრულებაში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება
იქნებოდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი
ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური
შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ
პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ
- ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას", -
აღნიშნა მედიატორმა
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი
14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი
მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ
დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ
მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც
ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის
საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს
მიიღო.