აშშ თვლის, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა - კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული
შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ თვლის, რომ ბელარუსში
სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა.
"ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ბელარუსში არ ჩატარდა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოვუწოდებთ ბელარუსის
ხელისუფლებას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს მისცენ საშუალება
გამოხატონ საკუთარი პროტესტი", - განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბელარუსის
სუვერენიტეტს.
"ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ბელარუსიის
სუვერენიტეტს და ვთვლით, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებს და მშვიდობიან
დემონსტრანტებს პატივისცემით უნდა მოექცეს", - განაცხადა კელი
დეგნანმა.
9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში
საპროტესტო აქციები არ წყდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის
ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა
ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.1 %-ით გაიმარჯვა.
დემონსტრანტები ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ბელარუსის პრეზიდენტი,
ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ
გაიმართება.