გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის
უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2019 წლის ანგარიშში საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე
მდგომარეობა აისახა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
ანგარიში ნათლად საუბრობს საოკუპაციო ხაზის დაკეტვაზე, თავისუფალი
გადაადგილების შეზღუდვაზე, უკანონო დაკავებებზე, განათლებისა და
ჯანდაცვის უფლებების შეზღუდვაზე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე
და რუსეთის უკანონო ქმედებების შედეგად გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ
მდგომარეობაზე. დოკუმენტში მკაფიოდ არის გამოკვეთილი რუსეთის
პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ
დარღვევებზე.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად:
„საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის
გაზრდილმა ჩარევამ ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული ვითარების
მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ
განლაგებული გადასასვლელი პუნქტების უმეტესობის განგრძობადმა დახურვამ
დაძაბულობა წარმოშვა და შედეგად გამოიღო ხშირი დაკავებები და მძიმე
შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, რამაც საარსებო
შემოსავლებზე, განათლებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე უარყოფითი
გავლენა იქონია. ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაცია და
სამოქალაქო საზოგადოების წევრთა დაშინება გაგრძელდა. გაერთიანებულმა
სამეფომ მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე, ხოლო გაეროს ადამიანის
უფლებათა საბჭოს ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი
წარმომადგენლის დაშვების შესახებ წარდგენილ რეზოლუციებს.“
უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
არსებული ვითარება გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის
ოფისის ანგარიშში პირველად 2016 წელს მოხვდა.