2020 წლის 15 მაისს, სტრასბურგში,
ევროპის საბჭოს შენობაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე
საქართველოს მიერ საბერძნეთისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტის თავმჯდომარეობის ოფიციალური გადაბარება მოხდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციით, სხდომა თბილისის დროით
13:00 საათზე დაიწყება და მას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი
წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი გახსნის, რომელიც სიტყვას ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს გადასცემს.
დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში შეაჯამებს გასული 6 თვის
განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს,
მიმოიხილავს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების
იმპლემენტაციის კუთხით გამართულ ღონისძიებებს და კულტურულ
პროგრამას.
სხდომაზე, ასევე, სიტყვით გამოვლენ და საქართველოს მიერ
თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ ევროპის
საბჭოს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე,
ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და
რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი.
დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლის შემდგომ, საქართველოს ელჩი
თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს ევროპის საბჭოში საბერძნეთის
მუდმივ წარმომადგენელს გადასცემს.