საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო
დღეიდან 15 სექტემბრიდან საქართველოს
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების
გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს
გამოაცხადა. 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში
წარიმართება.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ
ჩხენკელმა განაცხადა:
„ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს
იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების
მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები სკოლები, პროფესიული სასწავლებლები
და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე
გადასვლას.
იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ აუცილებელია საზოგადოების
კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში.
აქ მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა
მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა
შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო
ოთახებში.
ჩვენ ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველკლასელებთან
დაკავშირებით. პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად
მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო
გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო
გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს
დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების
მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები“-განაცხადა მიხეილ
ჩხენკელმა.