ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება საფრთხის ქვეშ დგება
უმაღლესი განათლების ექსპერტები
განცხადებას ავრცელებენ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის
მართვის სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ.
მათი ცნობით, საქართველოს უმაღლესი
განათლების სისტემა კარგავს ხარისხის მართვის ორი ევროპული
ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და
უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის ევროპული ასოციაციის
(ENQA) წევრობას.
განათლების ექსპერტების შეფასებით უმაღლესი განათლების ხარისხის
უზურნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და
ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის
გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
(უსდ) ნიშნავს, რომ:
საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის
სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც
უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის
მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული
საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების
საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის
პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ
ქვეყნებში;
საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული
როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს
ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს;
მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ
შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე,
საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად
აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების
შემოსავლებზე.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისთვის წევრობის შეჩერების
გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მისი შეფასება 2024 წლის აპრილში
ხარისხის მართვის ევროპული ასოციაციის მიერ. ამ დროს ENQA-ს ექსპერტთა
ჯგუფმა გამოავლინა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების
დარღვევა. კერძოდ, აღინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის
დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებაში პოლიტიკური გავლენის
არსებობა, რომლის პირობებშიც ხარისხის უზუნველყოფის სისტემა
უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.
განათლების ექსპერტები ვარაუდობენ რომ "ENQA-ს წევრობის და EQAR-ში
რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოყვეს სამედიცინო განათლების
მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული
სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე.
ასევე, ეს ცალსახად გამოიწვევს ჩვენი უსდ-ების მედიცინის
საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის
არსებითად შემცირებას, რაც სერიოზულ და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს
მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს."
ოფიციალური გადაწყვეტილება ევროპული ორგანიზაციების მხრიდან წევრობის
შეჩერების შესახებ უკვე მიღებულია, თუმცა გამოქვეყნებული ჯერ არ
არის.
განცხადებას მიმდინარე პროცესების შესახებ ავრცელებენ ექსპერტები:
ირინე დარჩია, ლიკა ღლონტი, მარინე ჩიტაშვილი და ქეთი
ცოტნიაშვილი.