ბოლო პერიოდში საქართველოში
მეორადი ავტომობილები საგრძნობლად გაძვირდა.
ფასების ზრდა არაერთი სხვადასხვა კომპონენტით არის განპირობებული და
ძირითადად გლობალურ პანდემიას უკავშირდება. თემის დეტალები
"ნეტგაზეთმა" გაარკვია.
როგორ მოიმატა ფასებმა
ფეისბუკზე ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში ბოლო პერიოდში
აქტიურად და ემოციურად განიხილავენ მეორადი ავტომობილების გაძვირების
საკითხს. ყველა მიუთითებს, რომ ფასებმა მოიმატა.
არ არსებობს ზუსტი მონაცემები, რაც ამ მატებას აჩვენებდა, თუმცა
სხვადასხვა მოდელზე ფასების მომატებას ბაზარზე თვალის ერთი
გადავლებითაც შეამჩნევთ, თუკი წინა წელსაც ყურადღებას აქცევდით
ფასებს.
ამ ინფორმაციას გვიდასტურებენ სხვადასხვა კომპანიაშიც, რომელთაც
შეერთებული შტატებიდან (აუქციონებიდან) ჩამოჰყავთ მეორადი
ავტომობილები.
Caucasus Shipping Georgia-ს ერთ-ერთი დილერი გვეუბნება:
„მაგალითად, 2012 წლის „შევროლე ვოლტს“ (Chevrolet Volt) საშუალო
გარბენით ერთი წლის წინ ფოთამდე ჩამოვიყვანდი 5000 დოლარში [რასაც
განბაჟების ფასი, დაახლოებით $700-ის ფარგლებში დაემატებოდა]. ახლა
დაახლოებით 2 ათასი დოლარით არის მომატებული ამ მანქანის ფასი და $7
000-მდე ჯდება ფოთამდე“;
„დაახლოებით 2012 წლის, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ Prius C-ს
ჩამოვიყვანდი 4000 დოლარად. ახლა, 5500-6000 დოლარზე დაბალ ფასში
ვეღარ. მინიმუმ 1500-დოლარიანი მატებაა პრიუსზე“;
„ზოგიერთ მანქანაში 3-4 ათასი დოლარია სხვაობა“, — გვეუბნება იგი.
იმის მიუხედავად, რომ იმპორტიორი კომპანიების დასახელებული ფასები
შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, გაძვირების ტენდენციაზე
ყველა საუბრობს. მაგალითად, კიდევ ერთი კომპანიის, Autoexpress-ის
დილერი იმავე მოდელებთან დაკავშირებით ამბობს:
„შარშან, ამ დროს, Prius C-ს ფოთამდე ჩამოვიყვანდი 3.3-3.5 ათას
დოლარში;
Chevrolet Volt-ს ახლა ფოთამდე ვერ ჩამოიყვან 6.5-7 ათას დოლარზე
ნაკლებად;
ახლა ძალიან გაძვირდა თვითონ მანქანის, ასევე, პლუს კონტეინერის
ფასები“.
ფასებთან ერთად, გაზრდილია ტრანსპორტირების ვადები. კერძოდ, თუკი წინა
წლებში აუქციონზე ავტომობილის შესყიდვიდან მაქსიმუმ 3 თვეში მანქანა
აუცილებლად იქნებოდა საქართველოში, ახლა იმპორტიორები მაქსიმალურ დროდ
4 თვეს ასახელებენ.
საბოლოო ფასი
დილერებისა და იმპორტიორი კომპანიების მიერ „ფოთამდე“ დასახელებული
ფასი შემდეგნაირად ფორმირდება:
ამერიკულ აუქციონზე ნაყიდ ავტომობილს ემატება აუქციონის მოსაკრებლის
თანხა, რომელიც ავტომობილის ღირებულების პროპორციულად განისაზღვრება
და ადგილზე 5 000$ ღირებულების მანქანისთვის დაახლოებით $700-ს
შეადგენს;
ავტომობილის ღირებულებას შესაძლოა, დაემატოს აშშ-ის ტერიტორიაზე შიდა
ტრანსპორტირების, ან გემზე ჩატვირთვამდე ავტოსადგომზე დგომის
ღირებულებაც;
ავტომობილის შეძენის ხარჯებს ასევე ემატება გემით საქართველომდე
ტრანსპორტირების ხარჯი, რაც უკვე აჭარბებს $1000-ს ერთ
ავტომობილზე;
თუ ავტომობილის მყიდველი ისარგებლებს ტვირთის დაზღვევით, ეს
ღირებულება იზრდება;;
მყიდველი ასევე იხდის დილერის მომსახურების საფასურს, რაც რამდენიმე
ასეული დოლარია და ეს დამოკიდებულია თავად დილერზე ან სადილერო
კომპანიაზე.
საბოლოოდ, სწორედ ამგვარად ფორმირებულ ფასს უწოდებენ ავტომობილის
ღირებულებას „ფოთამდე“ [ან ბათუმის პორტამდე].
თუმცა ეს მაინც არ არის ავტომობილის საბოლოო ღირებულება. საქართველოს
პორტებამდე ჩამოყვანილ ავტომობილს ემატება ამ პორტების მომსახურების
საფასური, შეკეთების ხარჯი და განბაჟების ღირებულება.
შტატებში აუქციონებზე ხშირად სადაზღვევო კომპანიები ყიდიან ნაავარიებ
მანქანებს. თუკი ავტომობილს გარეგანი დაზიანება არ აღენიშნება,
დილერები ვარაუდობენ ხოლმე, რომ ძრავი/სიჩქარეების კოლოფი აქვს
დაზიანებული, რისი შეკეთება/გამოცვლაც გაცილებით ძვირი ჯდება,
გარეგანი დაზიანების შემთხვევაში კი ეს პრობლემა მარტივად იხსნება და
შედარებით ნაკლები ჯდება. თუმცა ეს ხარჯი დამოკიდებულია თავად
ავტომობილის მოდელსა და დაზიანების ხარისხზე.
რაც შეეხება განბაჟების ღირებულებას, ის სხვადასხვა წლის, ტიპისა და
მოდელის ავტომობილზე სხვადასხვანაირად გამოითვლება. მაგალითად, 2012
წლის Toyota Prius C-ის (1.8 მ3 ძრავით) განბაჟება დაახლოებით 700$
ჯდება. გაცილებით ძვირი ღირს ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილთა
განბაჟება.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაძვირდა
ავტომობილის საბოლოო ფასის ფორმირების ჯაჭვის კომპონენტები.
რატომ გაიზარდა ფასები
ფასების მატებას რამდენიმე მიზეზი აქვს, რაც გლობალურ პანდემიას და
მის ფონზე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის თუ მსხვილი მწარმოებლების
გადაწყვეტილებას უკავშირდება.
მაგალითად, სხვადასხვა წყაროს ცნობით, პანდემიის პერიოდში შეერთებულ
შტატებში მეორადი ავტომობილების ფასებმა 40-45-50%-ით მოიმატა (Fox,
Reuters, CNBC)
ამის მიზეზი გახდა წამყვანი მწარმოებლების მიერ [ახალი] ავტომობილების
წარმოების ტემპის შენელება, – მათ შორის, ქარხნების დახურვა, – რაც,
თავის მხრივ, უკავშირდება ნახევარგამტარების (ჩიპების) დეფიციტს,
რაზეც ბოლო თვეებში არაერთხელ უსაუბრიათ არა მხოლოდ საავტომობილო
კომპანიებს, როგორიცაა Toyota, Ford, General Motors და სხვები,
არამედ ამერიკელ პოლიტიკურ ლიდერებსაც.
„ნახევარგამტარები, ავტომობილების გარდა, გამოიყენება თითქმის
ყველაფერში, რასაც მოვიხმართ“, – ამბობს სემ ფიორანი, ავტომობილების
ფასებზე საკონსულტაციო ფირმის, AutoForecast Solutions-ის
ვიცე-პრეზიდენტი CNET-თან საუბარში.
„პანდემიის დასაწყისში, ავტომობილების მწარმოებლებმა შეაჩერეს
ნახევარგამტარებზე შეკვეთები, რადგან გაყიდვებში დიდ ვარდნას
ელოდებოდნენ. შედეგად, ჩიპების მწარმოებლები გადავიდნენ დიდი
რაოდენობით, გაცილებით დიდი მოთხოვნის მქონე, აიფონების,
PlayStation-ების ჩიპების წარმოებაზე. ახლა კი, როდესაც ავტომობილების
გაყიდვები გააქტიურებულია, ჩიპების მწარმოებლები ვერ აკმაყოფილებენ
მოთხოვნას“, – ამბობს იგი.
ამასთან, ექსპერტების თანახმად, კიდევ ერთი გარემოებაა ის, რომ
ავტომობილებისათვის საჭირო, შედარებით ძველი ჩიპები გაცილებით ნაკლებ
მოგებას უტოვებს მწარმოებლებს, ვიდრე, მაგალითად, აიფონებისთვის
საჭირო ჩიპები.
ამ ეტაპზე ჯაჭვი ასე იკვრება: პანდემიის ფონზე იქმნება დეფიციტი
ნახევარგამტარებზე, რაც ავტომობილების მწარმოებლებს უბიძგებს,
შეანელონ ახალი მანქანების წარმოება.
პარალელურად, პანდემიის რისკებისა თუ სხვა მიზეზების გამო, კერძო
ავტომობილებზე მოთხოვნა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ახალ
ავტომობილებზე ფასებმა იმატა.
ამავე დროს, მოთხოვნა გადაეცა მეორადი ავტომობილების ბაზარს და
ფასების ზრდა აქაც დაფიქსირდა. Fox Business-ის ცნობით, 2021 წელს
მეორად მანქანებზე ფასება 40%-ით მოიმატა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ძლიერად გაიზარდა ფასები CopArt-ზე – აუქციონზე,
საიდანაც საქართველოში, სხვა განვითარებადი ეკონომიკების მსგავსად,
ხშირად ჩამოჰყავთ დაზიანებული ავტომობილები, რისი მიზეზიც ამ
აუქციონით ადგილობრივი მომხმარებლების დაინტერესებაც გახდა.
ამ ტენდენციას ქართველი იმპორტიორებიც ხედავენ. Caucasus Shipping
Georgia-ს ერთ-ერთი დილერი გვეუბნება:
„ადგილზე ფასებმაც მოიმატა. ადრე ერთ აუქციონზე გასაყიდად თუ იდგა
ხოლმე 1000 მანქანა, ახლა დგას 300 მანქანა“.
Autoexpress-ის დილერი კი „ნეტგაზეთთან“ საკუთარ დაკვირვებაზე
დაყრდნობით ამბობს:
„მეორად „ჰიბრიდებზე“ ფასებმა მოიმატა 50, ზოგჯერ 100 პროცენტითაც, და
ბენზინზე მომუშავე მანქანების ფასმა 30%-ით მაინც“.
ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა
იმპორტიორები კიდევ ერთ კომპონენტზე მიუთითებენ, რამაც საქართველოში
ფასების ზრდა გამოიწვია: ტრანსპორტირების (კონტეინერის) ფასის
მატება.
პანდემიის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა
გემებზე [ონლაინ-ვაჭრობის განვითარების ფონზე, განსაკუთრებით,
ჩინეთიდან], რამაც ტრანსპორტირების ფასების უპრეცედენტო ზრდა
გამოიწვია.
ზოგიერთი დილერი ამბობს, რომ „კონტეინერის ფასებმა 200-300 დოლარით
მოიმატა“, თუმცა ერთ-ერთმა დილერმა გვითხრა, რომ „თუკი კალიფორნიიიდან
საქართველოს საპორტო ქალაქებამდე ერთი ავტომობილის ტრანსპორტირება
1300 დოლარი ჯდებოდა ხოლმე, ახლა, ყველაზე ცოტა, 1900 დოლარი შეიძლება
დაჯდეს“.
„გემების ძირითადი ნაკადი წავიდა ჩინეთში, სადაც გაცილებით მეტს
უხდიან კონტეინერში, – თუ ადრე შტატებში იყო 3-4 ან 5 ათასი, ახლა
ჩინეთში ეგ თანხა არის 12 000 დოლარი. ამიტომ, შტატებში გემები არის
შეცოტავებული, თორემ მანქანების ყიდვა იმდენად არ არის შემცირებული.
მანქანები იყიდება, მაგრამ პორტებშია გაჩერებული, რადგან გემი არ
დგება, რომ ჩაიტვირთოს. პორტში კი 1 დამატებითი დღით სადგომზე
გაჩერების ჯარიმა 100$-ია. ამის გამო მიწევს მანქანების კერძო
სადგომებზე დაყენება“, – გვეუბნება Caucasus Shipping Georgia-ს
დილერი.
ამასთან, მომატებულია აუქციონებზე დანამატები. „იგივე CopArt-ზე თუ 1
წლის წინ 5000 დოლარზე დანამატი მქონდა 558 დოლარი, ახლა მიაქვს 700
დოლარამდე“, – ამბობს კიდევ ერთი დილერი, რომელსაც „ნეტგაზეთი“
ესაუბრა.
ადგილობრივი ბაზარი
სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს საქართველოს ბაზარზე მეორადი
ავტომობილების ფასების მომატებაზე.
საბაზრო პრინციპით, ფასი ემატება იმ ავტომობილებსაც, რომლებიც,
შესაძლოა, წლების წინ ჩამოიყვანეს შტატებიდან და ბოლო პერიოდში
ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა თუ ნახევარგამტარების დეფიციტის
პრობლემა არ შეხებიათ.
ასეთი ავტომობილების გაძვირების მიზეზი ის არის, რომ მეორადი
ავტომობილების ჩამოყვანის გაძვირებული სერვისის ფონზე,
ავტომეპატრონეები საბაზრო (ანუ უფრო მაღალ) ფასს ადებენ ადრე
ჩამოყვანილ მანქანებს, რათა მომდევნო ავტომობილის შესაძენად საკმარისი
ინვესტიცია ჰქონდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ამას დილერების მოგების
თანხაც ემატება.
გავლენა ეკონომიკაზე
საინტერესოა, რომ საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს მსუბუქი
ავტომობილების იმპორტმა საქართველოში 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა,
2020 წელს- $781 მლნ, ხოლოდ 2021 წელს- $898 მლნ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ავტომობილების დიდი ნაწილი რეექსპორტზე
გადის: 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა $732 მლნ, 2020
წელს -$404 მლნ, ხოლოდ 2021 წელს 456 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მსუბუქი ავტომობილები მეორე პოზიციას იკავებს უმსხვილესი საექსპორტო
საქონლის ჩამონათვალში.
უშუალოდ ავტომობილების ყიდვის ხარჯების გარდა, გაზრდილია ავტომობილის
შენახვის ხარჯებიც. კერძოდ, საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, 2022
წლის იანვარში ტრანსპორტის ჯგუფში წლიური ინფლაცია 16.2% იყო.
სტატისტიკოსების თანახმად, ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო
საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3%-ით. რემონტი, საბურავების
გამოცვლა, საწვავი). რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის შენახვაც გაცილებით
მეტი ჯდება, ვიდრე წინა პერიოდში.
წყარო: ნეტგაზეთი