საზოგადოება
ბოლო მოვლენები იყო ე.წ. წყალგამყოფი, მეც და ოჯახის წევრებსაც ლიკვიდაციით გვემუქრებოდნენ - შაიშმელაშვილი
გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დეკემბრის დასაწყისში, პროტესტის ნიშნად დატოვა.

28 დეკემბერს ტელეკომპანია “პირველმა” გამოაქვეყნა მასთან ინტერვიუ, რომელშიც შაიშმელაშვილმა თქვა, რომ საპროტესტო აქციების დაშლის დროს, პოლიცია გამიზნულად ძალადობს დემონსტრანტებზე.

როგორც “ტვ პირველთან”,  შაიშმელაშვილი ამბობს, თანამდებობიდან წასვლის გამო მასსა და მის ოჯახს ემუქრებოდნენ და სწორედ ამიტომ დატოვა საქართველო.

“ვიცი ამ ადამიანების მეთოდები, ვიცი რაზეც არიან წამსვლელები”

ეს პირველი შემთხვევაა, როცა აქციების დროს გდდ-ს მაღალჩინოსანი უწყებას პროტესტის გამო ტოვებს და შემდეგ ამაზე ხმამაღლა საუბრობს, ამიტომ მოჰყვა დიდი ინტერესი ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს, რომელიც მასთან ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჩაწერა.

ინტერვიუს გამოქვეყნების მომენტისთვისირაკლი შაიშმელაშვილი ოჯახით უკვე აშშ-შია. მან ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით დატოვა.

„ეს ინტერვიუ რომ გავიდეს და მე რომ აქ დავრჩე, მეორე დღეს ჩემს სახლში შეიძლება კილო-ნახევარი კოკაინი ამოიღონო“, - თქვა მან.

მან დეკემბრის დასაწყისში პატაკი დაწერა, საკუთარი მანქანა და გასაღები ჩააბარა და სამსახურიდან წასვლის განცხადებაში ფორმალური მიზეზი მიუთითა - „ოჯახური პირობების გამო“. გადაწყვეტილების რეალური მოტივი მისი ზემდგომებისთვის ცნობილი იყო, თავად უთხრა. საზოგადოებას კი სამსახურიდან წამოსვლის შესახებ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ანიშნა.

„ბოლო მოვლენები იყო ჩემთვის ე.წ. წყალგამყოფი, ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვერ გავუძელი“, - ასე ახსნა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ყოფილმა უფროსმა გადაწყვეტილება სატელევიზიო ინტერვიუში.

შაიშმელაშვილის ინტერვიუდან ირკვევა, რომ იქამდე, სანამ საქმეში გდდ ჩაერთვება, ბრძანების გამცემები შს მინისტრის მოადგილეები არიან, სპეცრაზმის გამოყვანისთანავე კი ყველა უფლება ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებასა და მისი მოადგილეების ხელში გადადის.

„ანგარიშსწორება დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული არ არის, ამას რასაც უყურებთ (დემონსტრანტებზე ძალადობა - რ.თ) ჩვენი ამოცანა არაა. აქციის დაშლა სრულიად სხვა ტაქტიკით მიდის.

რობოკოპები მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმინდავს წყლის ჭავლისმანქანის გამოყენებით. მეორე არიან დაკავების ჯგუფები, თუმცა კადრებში მეც ვნახე, ასევე არიან ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები ნამდვილად არ არიან...

მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, ესეთი დეპარტამენტი არ ყოფილა, ამ დეპარტამენტს მსგავსი რამე არ გაუკეთებიათ, რაც სწავლებები ჩატარებულა, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი, სახეზეც არ ვიცი",
- ამბობს შაიშმელაშვილი.

ირაკლი შაიშმელაშვილი ამტკიცებს, რომ გდდ აქციის დაშლის წინაპირობას თავად იქმნის, დაქირავებული პროვოკატორებით, რომლებიც სცენარის შესაბამისად მოქმედებენ, აგინებენ პოლიციელებს და სვრიან სხვადასხვა ნივთებს. საბოლოო მიზანი, აქციის მონაწილეების დემონიზებაა, რომ „იქ დგანან ქვეყნის მტრები“,

შაიშმელაშვილი დარწუნებულია, რომ დემონსტრანტებზე ძალადობის გამო არავინ დაისჯება, რადგან სისტემის შიდა სამზარეულო სხვანაირადაა მოწყობილი: „არავინ დაისჯება... ამით პოლიციელებს ეუბნებიან შენ თუ ამას გამიკეთებ, მე ამით დაგიცავ“.

შსს-ში სისტემა ცენტრალიზებულია, ყველა გადაწყვეტილება ზევიდან ქვევით პრინციპით მიიღება. აქედან გამომდინარე, ირაკლი შაიშმელაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციების დარბევის ბრძანებებს თავად ბიძინა ივანიშვილი გასცემდეს. თანაც, მანამდეც იცოდა ბიძინა ივანიშვილის და ზვიად ხარაზიშვილის მჭიდრო კავშირების შესახებ.

"ივანიშვილი თავისთავად ხაზზეა მინისტრთან (ვახტანგ გომელაურთან).

არ გამოვრიცხავ, რომ (ბიძინა ივანიშვილი) კავშირზე იყოს სხვა დეპარტამენტის ხელმაძღვანელებთან, მაგალითად ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან..."
- ამბობს პოლკოვნიკი.

შაიშმელაშვილმა თქვა, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიცია საპატრიარქოს პრესმდივანთან, ანდრია ჯაღმაიძესთან შეთანხმებით მოქმედებდა. მას არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება მოქმედებაში და კონკრეტულად, რა შეთანხმდა საპატრიარქოს წარმომადგენელთან.

„ქვედანაყოფებისთვის ადგილმდებარეობა შეგვაცვლევინეს. ამ გადაწყვეტილებას იღებდა შალვა ბედოიძე, შსს-ს მინისტრის მოადგილე. ბედოიძემ თქვა სწორედ, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა”.

ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობის დატოვების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ეს კი საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ქვეყნის დატოვებაზე ეფიქრა.

„მეც და ჩემს ოჯახის წევრებსაც მემუქრებოდნენ ლიკვიდაციაზე, რომ ყველაფერი შეუძლიათ“, - ამბობს ის.

სანამ ქვეყანას დატოვებდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.



ვრცლად: ტვ პირველის ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი შაიშმელაშვილთან.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.