თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტი ასპინძაში
დღეს, 18 მარტს, ასპინძაში მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია,
ის საპატრულო ეკიპაჟმა დააკავა.
აღნიშნული პირი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, კარანტინში იძულებით
გადაიყვანეს. მოქალაქე ჩეხეთიდან იყო დაბრუნებული და თვითიზოლაციაში
იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, პირი ქუჩაში გამოსული დაინახეს და
მათ შეატყობინეს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასპინძის მუნიციპალიტეტში პირმა
თვითიზოლაციის წესები დაარღვია. მსგავსი შემთხვევა რეგიონში ორი დღის
წინაც დაფიქსირდა, როცა ბორჯომიდან ერთი პირი კარანტინში იძულებით
გადაიყვანეს. შსს–ს ინფორმაციით, 17 მარტს ერთობლივი მონიტორინგის
შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი
გამოვლინდა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 120 ადამიანი
იმყოფება, აქედან 22 პირი ასპინძაშია.
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების
წესით, ჯამში, 99 ადამიანია გადაყვანილი.