მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი გადაწყვეტილებებს დისტანციურად ვერ მიიღებს
"არ გქონდეთ მოლოდინი, რომ კვირის ბოლოდან და მომავალი
კვირიდან პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს დისტანციურად, ეს
შეუძლებელია" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დაწყებამდე
განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ჯერ დისტანციურ რეჟიმში პარლამენტის
საქმიანობის გადასვლაზე საუბარი არ არის. როგორც დეპუტატი განმარტავს,
ჯერ საჭიროა სპეციალისტებმა „დააზღვიონ რისკები".
„არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური რისკები
იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც დაჩქარებული წესით ერთ კვირაში ეს
კანონპროექტი მიღებულ იქნას და დისტანციურ რეჟიმში გადავიდეთ, ეს
გამორიცხულია. ჩვენ უბრალოდ, დავაზღვიეთ დრო, რომ თუ ტექნიკური
საშუალებები იქნა, თუ შესაბამისი სპეციალისტები დადებენ დასკვნებს,
რომ ეს რისკებს, მათ შორის, თუნდაც, ტექნიკურს გამორიცხავს, ამ
შემთხვევაში შეიძლება ამაზე სერიოზულად საუბარი, თორემ დღეს, ჩვენ ასე
გადაჭრით და გადაწყვეტილად ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად, უმოკლეს
დროში გადავალთ დისტანციურ გადაწყვეტილებებზე. ეს რომ მარტივი
ყოფილიყო, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ამ
გადაწყვეტილებას მიიღებდა წინმსწრებად. მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ
მაინც დავდეთ პროექტი, რომ თუ რისკების დაზღვევა შესაძლებელი იქნა,
დროში დაგვესწრო და ყოფილიყო ინიცირებული"- განაცხადა
მდინარაძემ.