ქაშვეთის ეკლესიასთან პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა
რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის
მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ზოგმა კი დაზიანება
მიიღო. დაშავებულებს შორის არიან ქალები.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაემორჩილნენ პოლიციას და
გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი. მიუხედავად ამისა,
სამართალდამცველებმა დაკავებები დაიწყეს ქაშვეთის მიმდებარედ.
ამასთან, თვითმხილველების თქმით, პოლიციელები მათ შეურაცხყოფას
აყენებდნენ და აქციის მონაწილე ქალებს მიმართავდნენ, სახლში
წასულიყვნენ და საჭმელი მოემზადებინათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას აზუსტებს.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებულია
ყველაზე ცოტა, 4 ადამიანი.
პარლამენტთან მოქალაქეები საქართველოს მიხეილ ყაველაშვილის
ინაუგურაციის შემდეგ მისთვის წითელი ბარათის საჩვენებლად შეიკრიბნენ.
მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა
საქართველოს პარლამენტის შენობაში და მას არ დასწრებიან დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლები, მედია კი სპეციალურად მოწყობილ პრესცენტრში
ეკრანიდან ადევნებდა თვალს.
ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც სალომე
ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი
პარტნიორთა დიდი ნაწილი.