ახალი ამბები
"როგორც რიგითი მღვდელი, მზად ვარ ჩავდგე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის" - აქრიმანდრიტი იერომიელი ბორჯომიდან
ბორჯომში, ტიმოთესუბნის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, მამა იერომიელი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მონასტრის Facebook გვერდით ეხმაურება. როგორც მოძღვარი აღნიშნავს, დღეს რუსთაველზე მდგომი ხალხი და ძირითადად ახალგაზრდობა სულაც არ არის ფერადი რევოლუციის და, ამ შემთხვევაში, ე.წ. ცისფერი რევოლუციის მოსახდენად გამოსული, როგორც ამის წარმოჩენას გარკვეული პროპაგანდა ცდილობს. მისი თქმით, დროა გამოსავლის ძიებისა და მომავლის გადარჩენისა. სასულიერო პირი თვლის, რომ თუკი ეს გამოსავალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, მშვიდობისა და ერთობის შესანარჩუნებლად ის უნდა ჩატარდეს, დემოკრატიული პრინციპეპიდან გამომდინარე, რასაც ოფიციალურად აღიარებს ჩვენი სახელმწიფო მოწყობა, ხოლო, თუკი არსებობს სხვა, უკეთესი გამოსავალი, ესეც სამსჯელო და გადასაწყვეტია. როგორც არქიმანდრიტი იერომიელი აღნიშნავს, თავად, როგორც ერთ-ერთი რიგითი მღვდელი მზად არის ჩადგეს მომინტეგეებსა და პოლიციას შორის იქამდე, ვიდრე გამოსავალი მოიძებნება.



სრულად გთავაზობთ არქიმანდრიტი იერომიელის მიერ მონასტრის გვერდზე გავრცელებულ განცხადებას:


"მოგესალმებით მეგობრებო და სულიერო შვილებო. უკვე რამოდენიმე დღეა არ წყდება შეკითხვები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ჩვენი გული მწუხარებით არის სავსე.

ადრეც გვეკითხებოდნენ ე.წ. აგენტების კანონის შესახებ, რომელიც პაკეტურად იყო წარმოდგენილი და აგენტების საკითხს ზნეობრივიც მიაბეს. ვერ გეტყვით, საბოლოო ჯამში ეს რა იყო, გულუბრყვილო, მიზანმიმართული თუ კეთილგანზრახული სამართალქმედება, რაც ზნეობისა და სახელმწიფოს განმტკიცებას უნდა მოხმარებოდა. ალბათ იმასაც იმედოვნებდნენ, რომ ამას ეკლესიის თანადგომაც უნდა მოჰყოლოდა. ეკლესია, როგორც ვიცით, არ არის პირდაპირ მოწოდებული პოლიტიკური საკითხების განხილვა-გადაჭრისათვის და დრო გვიჩვენებს, თუ რაოდენ საჭირო და მიზანშეწონილი იყო ამ კანონის მიღება სახელმწიფოსა და ზნეობის განმტკიცებისათვის და ღირდა თუ არა ამის გამო ხალხის ესოდენი ურთიერთდაპირისპირება.

ზნეობასა და სულიერებას რაც შეეხება, ეს სულ სხვა სამოღვაწეო სფეროა და აქ სამართლებრივი აქტით, კეტითა თუ გურზით ბევრს ვერაფერს გახდები. ეკლესიამ პირველ საუკუნეებში გამოიარა ყველანაირი სამართლებრივი და ზნეობრივი წნეხი დაცემული და გახრწნილი წარმართული სამყაროსაგან და ამას არა მხოლოდ გაუძლო და გადარჩა, არამედ ეს გახრწნილი სამყაროც ამოიყვანა ხრწნილების ჭაობიდან და ქრისტეს ნათელს აზიარა.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ამ კანონს საზოგადოების ნაწილმა რუსული უწოდა, მართლაც ბადებს რუსული ყოფა-ქმედების ასოციაციებს. პირველ რიგში იმით, რომ ნებისმიერ კანონს უკუძალაც აქვს, რითაც შეიძლება შემდეგი რუსული რეალობა წარმოჩინდეს: ხშირად გაუკეთებიათ რუსულ სპეცსამსახურებს, რომ საკუთარი აგენტი დაუსჯელი უზნეობის გამავრცელებლად უქცევიათ და პირიქით, უზნეო ადამიანი აგენტად გაუხდიათ და სხვადასხვა მანქანებით კანონიერი ძალაუფლების ხარისხში აუყვან-წარმოუჩენიათ. ამით კი ორმაგი ხრწნილება შეუტანიათ საზოგადოებაში - სამოქალაქო-სახელმწიფოებრივიც და ზნეობრივიც. ასე რომ, ვითომცდა ამდაგვარი ორმაგი დაცვა ორმაგ დაქცევად უქცევიათ და ამ საკითხში რუსებს ბადალი არ ჰყავთ დედამიწის ზურგზე. ამის მაგალითები ერთი ხელის გაწვდენაზეა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამას ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენთან ვერ მოახერხებს, როგორც ამას ახერხებდა და დღესაც ახერხებს პლანეტარული მასშტაბით და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის რიგ მართლმადიდებელ ქვეყნებშიც კი.


რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას; თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დღეს რუსთაველზე მდგომი ხალხი და ძირითადად ახალგაზრდობა სულაც არ არის ფერადი რევოლუციის და ამ შემთხვევაში, ე.წ. "ცისფერი რევოლუციის" მოსახდენად გამოსული, როგორც ამის წარმოჩენას გარკვეული პროპაგანდა ცდილობს. იქ დგანან ჩვენი მეგობრები, მრევლი, ოჯახის წევრები და ამ ქვეყნის ნათელი მომავლისათვის მოფიქრალ-მომუშაკე ხალხი.

არ არის გამორიცხული, რომ ამდენ ხალხში შეუფერებელი საქციელის ხალხიც ერიოს. ისევე როგორც სამართალდამცავებში ვხედავთ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებსა თუ სულიერ შვილებს, სახელმწიფო სამსახურის გამო, თუმცა პირდაპირ უნდა გავემიჯნოთ იმ ე.წ.სამართალდამცველებს, რომელთა ქმედებაც მხოლოდ მარბიელი რუს-ყაზახების ეგზეკუციას გვაგონებს.

ერი და ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და ამ მდგომარეობით მხოლოდ ჩვენი მტერი ხარობს და პირველ რიგში ის, ვისაც ქვეყნის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებულ-მიტაცებული. ალბათ დროა გამოსავლის ძიებისა და ჩვენი მომავლის გადარჩენისა. თუკი ეს გამოსავალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, მშვიდობისა და ერთობის შესანარჩუნებლად ის უნდა ჩატარდეს, დემოკრატიული პრინციპეპიდან გამომდინარე, რასაც ოფიციალურად აღიარებს ჩვენი სახელმწიფო მოწყობა. თუკი არსებობს სხვა, უკეთესი გამოსავალი, ესეც სამსჯელო და გადასაწყვეტია.

მე პირადად მომიწია ცხრა აპრილს იმ რუსული საბჭოთა ტანკების წინაშე დგომა და სხვადასხვა სირთულეებთან ერთად ეს მოტივაციურად იოლიც იყო, რადგან ჩვენს წინ ჩვენი მტერი იდგა. ახლა ხომ სხვა რეალობა გვაქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, როგორც მომიტინგეთა მხრიდან, ასევე პირველ რიგში სახელმწიფოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებისაგან და პირველ რიგში ძალოვანებისაგან და ამ ძალოვანთა ქმედება სწორედ რომ ღირსებით უნდა იყოს სავსე და არ უნდა ჰგავდეს მარბიელი და მოთარეშე დაჯგუფებების განუკითხაობას.

ჩვენ, და ამ შემთხვევაში პირადად მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მღვდელი და ქართველი, ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარეც, მზად ვარ ჩავდგე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, ვიდრე ამა ქვეყნის მესვეურნი და ძლიერნი რაიმე ხელშესახებ გამოსავალს მოძებნიან. თუკი რაიმეა მოსახვედრი, ეს ისევ მამების თაობამ უნდა მიიღოს და მოიხვედროს, რათა ახალგაზრდობა გადავარჩინოთ სულიერ-ხორციელ დასახიჩრებას საკუთარი შეგნებული ცხოვრების გზის დასაწყისში. სხვა მხრივ კი, რაც ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ვლოცულობთ მშვიდობის დასადგურებისათვის, როგორც ქვეყანაში, ასევე ადამიანთა გულებში"
-  არქიმანდრიტი იერომიელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
28 დეკემბერს, პროევროპული
საპროტესტო აქციიდან დაწყებიდან 1 თვის თავზე, თბილისსა და
საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ერთსაათიან საპროტესტო ჯაჭვში
ჩაებმებიან.
16:06 / 26.12.2024
28 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციიდან დაწყებიდან 1 თვის თავზე, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ერთსაათიან საპროტესტო ჯაჭვში ჩაებმებიან.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების
ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ
მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ.
გაერთიანება ვარაუდობს, რომ მიზეზი ამ ადამიანების პოლიტიკური
შეხედულებები შეიძლება იყოს.
15:06 / 26.12.2024
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ. გაერთიანება ვარაუდობს, რომ მიზეზი ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება იყოს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას
ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ემიჯნება
14:22 / 26.12.2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ემიჯნება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე გმობს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, მიხელ ბუცხრიკიძის განცხადებით, მისი პროტესტი ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას
ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს
ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს.
10:28 / 26.12.2024
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს.
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.