სახალხო დამცველმა 2018 წელი შეაჯამა
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი
პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოში 2018 წელს ადამიანის
უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა,
ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების
სტატისტიკა გააცნო და მასზე დაყრდნობით მთავარი ტენდენციები
გამოყო.
წლის მთავარი შეჯამება სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების
რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებით დაიწყო, ხაზი გაუსვა
ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. აღნიშნა, რომ ამ
საქმეებმა გამოძიების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი სისტემური
პრობლემები გამოავლინა, რომლებიც სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას
საჭიროებს.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბავშვის უფლებების დარღვევის
700-მდე შესწავლილი ფაქტიდან უმრავლესობა ბავშვების მიმართ ძალადობას,
სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ნინო
ლომჯარიას განცხადებით ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქუჩაში მცხოვრები და
მომუშავე ბავშვები წარმოადგენს.
არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უთანაბრდება ზოგიერთ
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო. სახალხო
დამცველი განსაკუთრებით მწვავედ გამოყოფს ბედიანისა და ხონის
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.
ნინო ლომჯარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიუხედავად
მნიშვნელოვანი წინსვლისა, კვლავ რჩება გარკვეული პრობლემები
პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის თვალსაზრისით. ისაუბრა
კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე, მათ უსაფრთხოებაზე,
სოციალურ სიდუხჭირესა და უკანონო დაკავებებზე.
სახალხო დამცველმა შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მიმდინარე
კამნაპანია, შეკრების და მანიფესტაციის უფლება, მათ შორის აქციის
მონაწილეთათვის კარვების გაშლის შეზღუდვის შემთხვევები. ისაუბრა
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე,
კანონმდებლობისა და საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის
აუცილებლობაზე, შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავებულ და
გარდაცვლილ ადამიანებზე; ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წინაშე
მდგარ პრობლემებზე.
არაერთი გამოწვევის წინაშე დგას თანასწორობის უფლების დაცვა. არ
განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დისკრიმინაციის
წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით უფრო ეფექტურს გახდიდა სახალხო დამცველის
მანდატს. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, კვლავ
ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის
წარმომადგენლები რჩებიან.
გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღ
გარემოში ცხოვრების უფლების მნიშვნელობაზე, უსახლკარო პირთა სათანადო
საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზების, ასევე ლტოლვილთა
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზე. ხაზი
გაუსვა თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული
ღონისძიებების მნიშვნელობას.
პრესკონფერენციის დასასრულს ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ უკვე 5 თვეა,
რაც სახალხო დამცველის აპარატი, ძირითადი შენობის ავარიულობის გამო,
ნაქირავებ ფართში აგრძელებს საქმიანობას. ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა,
რომ მისი ძალისხმევა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან
ინტენსიური კომუნიკაცია შედეგს გამოიღებს და შეძლებისდაგვარად მოკლე
დროში გამოიძებნება მუდმივი შენობა სახალხო დამცველის აპარატისთვის.