ახალი ამბები
„არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეთ, მაინც ჩემნაირ მამას აირჩევნდნენ“ - დათას და დემეს მამა ბორჯომიდან
„მარტივი არ არის, ისაუბრო
შვილებზე ერთი წინადადებით, მაგრამ ვეცდები მოკლედ ვთქვა: დათა თბილი
და დამჯერი ბავშვია. აინტერესებს ის, რაც არასაგნობრივია. დემეტრე
პირიქითაა: უყვარს კონფლიქტური სიტუაციის გამოწვევა. ასევე, ჩაქუჩი,
ლურსმანი, ტექნიკა, გემრიელი ჭამა პრეტენზიების
გარეშე.
დათას უყვარს ფერადი წიგნები, არ უყვარს ხმაური, ძალიან ახარებს
ოჯახური გასეირნება. დემეტრესაც უყვარს ოჯახური გასეირნება, მაგრამ
საშინლად არ უყვარს თხოვნაზე უარის მიღება. დათა უსაშველოდ ერთგულია,
აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. დემეტრე უსაშველოდ ჯიუტი და
კონფლიქტურია, თუ ის არ არის ყურადღების ეპიცენტრში. ორივეს უყვარს
ქალაქგარეთ გასვლა და ოჯახური გარემო” - ასე გვიხასიათებს
შვილებს სერგი სტეფნაძე.
სერგი და მისი მეუღლე - ელენე ხოჯანაშვილი შვილებთან ერთად ბორჯომში
ცხოვრობენ. ბავშვების აღზრდის ნაწილში, ორივე მშობელი თანაბრად
ინაწილებს პასუხისმგებლობას. სერგი ბორჯომის წყლის ჩამომსხმელ
ქარხანაში მუშაობს და როგორც თავად ამბობს, სამუშაო გრაფიკიდან
გამომდინარე ბევრი დრო არ რჩება შვილებთან ყოფნისთვის, თუმცა ცდილობს
თავისუფალი დრო სრულად ბავშვებს დაუთმოს. იხსენებს რამდენიმე
ამბავს.
„გავიხსენებ დემეტრესთან დაკავშირებულ რამდენიმე ისტორიას.
სამეგრელოში, ერთ-ერთ მონასტერში ვიმყოფებოდით და დაინახა დემეტრემ,
რომ მამაომ საჭმლის ჭამა დაიწყო და წამოიძახა: შეხედეთ, მამაო ჭამს!
კიდევ ერთსაც გავიხსენებ იმავე მონასტრიდან. იღუმენიას ესაუბრებოდა,
თუ უყვარს ჭამა და ასევე, დათასგან განსხვავებით შეყვარებული რომ არ
ჰყავს, რადგან ის ნერვებს მოუშლის… ერთხელ თამაშისას, ქუჩაში წაიქცა
და მეზობელმა ნატკენ შუბლზე კარაქი წაუსვა, არ ჩაულურჯდებაო. დემემ კი
უთხრა, რომ კარაქი პურზე უნდა წაუსვას და აჭამოს და არა
შუბლზე.”
ამბობს, რომ შვილებმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. სიხარულს
და ნერვიულობას ასე ჭარბად თუ განიცდიდა, არ ეგონა. მისი ყველა ემოცია
დათას და დემეტრეს უკავშირდება.
„ვარ ისეთი მამა, როგორიც შემიძლია ვიყო. დემეტრე ხშირად ჩემი
მხარდამჭერია და „მეძმაკაცება“, დათა უფრო ფაქიზია და მის ყველა ღრმა
შეკითხვაზე სერიოზული პასუხია საჭირო, ამიტომ სიტუაციურად მიწევს
როლის გადათამაშება: „ძამაკაციდან“ ინტელექტუალის ამპლუამდე”
- ამბობს სერგი სტეფნაძე.
სერგის ვთხოვეთ, შვილებისთვის ეკითხა „თავად როგორი მამა არის
და როგორი უნდათ რომ იყოს?“
„უცვლელად გიზიარებთ მათ პასუხს: ვუყვარვარ ისეთი, როგორიც
ვარ და რომ ჰქონდეთ არჩევანის უფლება, მაინც ჩემნაირ მამას
აირჩევდნენ” - მიპასუხეს დემეტრემ და დათამ.
სერგი თვლის, რომ შვილების აღზრდის პროცესში როგორც დედის, ასევე
მამის თანაბარი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
„მამა შვილებისთვის მოდელია და კარგი მოდელი როცაა, შვილი
უკეთესი იზრდება. ბედნიერებას სქესი არ აქვს. მე ჩემი შვილები
მაბედნიერებენ. იმ მამებს, რომლებიც არ არიან ჩართული შვილების
აღზრდის პროცესში, ბევრს ვერაფერს ვურჩევ. მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ
შვილებში ჩადებული ყველანაირი კაპიტალი მშობელს უბრუნდება” -
დემეტრეს და დათას მამა.
გააზიარეთ :