რუსეთმა ოდესას და ნიკოლაევს 19 რაკეტა ესროლა
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, ოდესასა
და ნიკოლაევზე წუხანდელი თავდასხმისას გამოიყენა ფრთოსანი რაკეტები და
დამრტყმელი დრონები.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს
დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების სამიზნეები იყო
პორტები, ნავმისადგომები, სახლები და სავაჭრო ობიექტები.
უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, ყირიმიდან და შავი ზღვიდან
ოდესასა და ნიკოლაევზე შეტევისას რუსეთმა გამოიყენა 19 ფრთოსანი
რაკეტა: „ონიქსი“, „კალიბრი“, „ისკანდერი“ და Х-22. ანექსირებული
ყირიმიდან და რუსეთის კურსკის ოლქიდან იერიში განხორციელდა ირანული
წარმოების 19 უპილოტო საფრენი აპარატითაც(Shahed 136/131).
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გაანადგურეს 5 რაკეტა და 13
დრონი.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ნიკოლაევის ცენტრში დაზიანებული და
ნაწილობრივ დანგრეულია სულ მცირე 5 სახლი. დაშავდა 18 ადამიანი, მათ
შორის 5 ბავშვი. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის
ინფორმაციით, ოდესაში დანგრეულია ადმინისტრაციული შენობა და
საწყობები. დაიჭრა 4 ადამიანი.
რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე, ძირითადად, ოდესასა და ნიკოლაევზე
ინტენსიური შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან დატოვა
„მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის
ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა
უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების
ექსპორტი.
უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 18 და 19 ივლისს, რუსეთის
საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის პორტზე, მათ
შორის ხორბლის ტერმინალზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს,
რომ ოდესაში სამხედრო ობიექტებს უტევენ.
19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ
„რუსი ტერორისტები" შეგნებულად უტევენ „მარცვლეულის შეთანხმების"
ინფრასტრუქტურას და თითოეული რაკეტა არის დარტყმა არა მხოლოდ
უკრაინაზე, არამედ ყველაზე მსოფლიოში, ვისაც ნორმალური და უსაფრთხო
ცხოვრება სურს.