ბორჯომის ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი განცხადებას ავრცელებს
"გაფიცვაში მონაწილეობს ჩვენი
თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში
ამჟამად დასაქმებულია 630 ადამიანი.
მოგეხსენებათ დღეს კომპანია არის
ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და
ექსპორტის 80%-ზე მეტი.
დღეს ჩვენი მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა.
სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან,
საქართველოს ბაზარზე არ გვქონდეს წყვეტა, ჩვენს ხელთ არსებული მცირედი
რესურსით და მინიმალური დატვირთვით დავიწყეთ წარმოების პროცესი.
გვინდა მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ თანამშრომლების იმ ნაწილს, ვინც
მზადაა განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს ამ კომპანიის
გადასარჩენად.
IDS ბორჯომი საქართველო რჩება ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო
დამსაქმებლად, ჩვენ ამ ურთულეს პირობებშიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება
მივიღეთ, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 95%-ი
შევინარჩუნეთ, ასევე, უცვლელი დავტოვეთ სახელფასო განაკვეთი. შეიცვალა
მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც
ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება
უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის. აღნიშნულ ვითარებაში კი,
არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე
საუბარი, არარეალური მოთხოვნა და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ
დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი და
დასაქმებული ადამიანები".