გოზინაყის რეცეპტი საახალწლოდ
გოზინაყი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი
მთავარი კომპონენტია. ბევრმა არ იცის, რომ გოზინაყს მხოლოდ ქართველები
კი არა, სომხები, აზერბაიჯანელები და რუსებიც ამზადებენ. წესები
მსგავსია, მაგრამ პატარა ცვლილებებიც კი მოქმედებს საბოლოო
გემოზე.
გოზინაყის მოსამზადებლად თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ნიგოზი, თაფლი
და შაქარი. ნუ მოექცევით ჩარჩოებში, შეგიძლიათ ამ ნუგბარს ნებისმიერი
ფორმა მისცეთ.
ეინგრედიენტები:
1 კგ. ნიგოზი
700 გრამი თაფლი
60 გრამი შაქარი
საღი თეთრი ნიგოზი ცხელ ტაფაზე მოათავსეთ და ღუმელში მოხალეთ.
დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას(ნიგოზი არ უნდა გაწითლდეს). როცა კანი
მოცლას დაიწყებს, ღუმელიდან გამოიღეთ, გააგრილეთ და კანი ხელით
გააცალეთ. დაჭერით წვრილად.
2
თაფლი თუჯის ჭურჭელში მოათავსეთ, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ხის
კოვზით ურიეთ. ადუღეთ ათი წუთით, თაფლი აქაფდება. გადმოდგით რომ არ
გადმოვიდეს. ისევ დადგით გაზქურაზე და კვლავ ათი წუთით ადუღეთ, შემდეგ
ისევ გადმოდგით. ასე გაიმეორეთ მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა
თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და შიგ თაფლი ჩააწვეთეთ; თუ თაფლი
გამაგრდა და თითებს შორის ცომივით აგორდა, ესეიგი მზადაა.
3
მაგიდაზე მოიმზადეთ დასველებული ფიცარი, წყალი მცირე ზომის ჭურჭელში
და მოზრდილი კოვზი. თაფლში ჩაამატეთ შაქარი, ცოტა ხანს ურიეთ და
დაუმატეთ გამზადებული ნიგოზი, არ შეწყვიტოთ მორევა. 5–10 წუთის შემდეგ
მთელი მასა სველ ფიცარზე გადმოიტანეთ. კოვზით სწრაფად გააბრტყელეთ,
დაახლოებით 7 მილიმეტრის სისქეზე და კარგად მოასწორეთ. ჯერ კიდევ
თბილი გოზინაყი დიდი მჭრელი დანით ან ლამაზი საჭრელებით სასურველ
ფორმებად დაჭერით. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
4
თეფშს დააფარეთ პერგამენტი და გოზინაყის ნაჭრები თითო ფენად დააწყვეთ.
შეინახეთ გრილ ადგილას.
ტკბილ და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!