ზესტაფონში ნაპოვნ გოგონებს, შსს დღეს გამოკითხავს
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ დღეს
იგეგმება იმ ორი არასრულწლოვანი გოგონას გამოკითხვა, რომელიც გუშინ
გაუჩინარდნენ და გვიან ღამით სამართალდამცავებმა ზესტაფონში იპოვნეს.
პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ჯინჯოლავა, ტელეკომპანია
"ბორჯომთან" საუბრისას აცხადებს, რომ გოგონები საკუთარ სახლებში,
მშობლებთან ერთად იმყოფებიან, ჯანმრთელები და უვნებლები, რაც მან დღეს
დილით კიდევ ერთხელ გადაამოწმა. მოსწავლეები სკოლაში დღეს არ მისულან,
რადგან ზესტაფონიდან ბორჯომში მათი დაბრუნება გამთენიისას, დილის 5
საათზე მოხდა.
სკოლის დირექტორისთვის, გოგონების გაუჩინარების ზუსტი და ოფიციალური
მიზეზი მისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ჯულიეტა ჯინჯოლავა ამბობს, რომ
მოსწავლეები სკოლაში ბულინგის მსხვერპლები არ ყოფილან და მათ ჩაგვრას
ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ გავრცელებულ ვერსიას, ჯინჯოლავა
აბსურდულს უწოდებს.
შეგახსენებთ,რომ მოსწავლეები, 6 ივნისს, დილით, სახლიდან გავიდნენ და
გაუჩინარდნენ. სკოლაში არ მივიდნენ უფროსკლასელები და სწორედ ამის
შემდეგ დაიწყო მათი სამძებრო სამუშაოები.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.