„გასულ კვირას 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა“ - როგორ უნდა ამოიცნოთ საშიში დანადგარები
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
- ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“
სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის“ უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ
ისაუბრა.
მისივე თქმით, მიუხედავად სასიკეთო ტენდენციებისა და ცნობიერების
ამაღლებისა, გამოწვევად რჩება სიცოცხლისთვის საშიში დანადგარები.
„გასულ კვირას 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა, ძირითადად
ასეთი შემთხვევები გამოწვეულია ღია წვის გამათბობლების გამოყენებით,
რომელთა დამონტაჟებაც დახურულ სივრცეში არ შეიძლება,“ -
განაცხადა მან.
ირაკლი დეკანოიძემ ღია და დახურული წვის მქონე გამაცხელებლების
განსხვავებაზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, მარტივი
ამოსაცნობია.
„საკმაოდ მარტივი ამოსაცნობია ღია და დახურული წვის წყლის
გამაცხელებლები: ღია წვის გამაცხელებელს გვერდიდან აქვს ჭრილები და
აქვს ერთი მილი, დახურულ კამერიანს აქვს ორი მილი,“ -
აღნიშნა მან.
როგორც ის აცხადებს, გაზთან დაკავშირებული საფრთხეები ორ ნაწილად
იყოფა.
„ეს ორი საფრთხეა CO-თი ინტოქსიკაცია და გაზის გაჟონვის
შედეგად გამოწვეული საფრთხე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
აფეთქება-აალება. ამისთვის ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუდმივად ახდენს
შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც საშიშროება მაღალია,
გაზის მიწოდების შეწყვეტასაც კი.
მაგრამ გვაქვს ცუდი ტენდენცია: ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად
ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან, თანაც საკმაოდ დიდი
რაოდენობით და იგივე მდგომარეობით,“ - აცხადებს
დეკანოიძე.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიცოცხლისთვის საშიში, ბუნებრივ აირზე
მომუშავე დანადგარების გამოყენებით გამოწვეული უბედური შემთხვევები,
რამდენიმე რეკომენდაციის დაცვაა საჭირო:
გასათბობად გამოვიყენოთ სანდო დანდაგარები;
არ შეიძლება გაზქურის გასათბობად გამოყენება;
სწორად უნდა იყოს ყველა დანადგარი დამონტაჟებული;
გაზის სუნის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 114-ში, გადაკეტოთ გაზის ონკანი
და გაანიავოთ ფართი;
არ გამოიყენოთ ღია ცეცხლი;
ირაკლი დეკანოიძის თქმით, მიუხედავად ცნობიერების ამაღლებისა,
სიტუაციას საიმედო არ შეიძლება დაერქვას.
„მაგალითად, ცოტა ხნის წინ დადგინდა ფაქტი, როდესაც გამწოვი
მილი, რომელსაც წყლის გამაცხელებლის ნამწვი უნდა გადაეტყორცნა,
გატანილი იყო სხვა საცხოვრებელ ოთახში, სადაც ხალხი ცხოვრობდა.
მსგავსი სიტუაცია ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის,“ -
განაცხადა მან.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი