ახალი ამბები
შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, მოზარდმა ნაადრევად იმშობიარა
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. თუ კაცს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რადიო თავისუფლებას თანასოფლელი უყვება, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდმა იმშობიარა, თქვა, რომ მასზე სექსუალურად მამამ იძალადა: „ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ყოფილი მოსწავლისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო:

„ამ ახალ წლებზეც იყო მოსული სკოლაში, საახალწლო ზეიმზე. ვისაუბრეთ კიდეც, მისთვის არ შეგვიტყვია არაფერი, ჩვენთვისაც შოკი იყო ეს ამბავი. ბოლო წლების განმავლობაში ბავშვისთვის არანაირი განსაკუთრებული ცვლილება არ შეგვიმჩნევია. არავის მოუტანია ამბავი, რომ ოჯახში რაიმე პრობლემა ჰქონდა, ან ძალადობის მსხვერპლი იყო. კარგი მოსწავლე იყო. ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ წელს ჩაბარება გადაიფიქრა, ინგლისურში დამატებით უნდა მოვემზადოო. ახლო მეგობრები ჰყავდა, 24 საათი ერთად იყვნენ და არავის შეუმჩნევია მასში რადიკალური ცვლილება“.

დირექტორის თქმით, შვილის სასკოლო ცხოვრებაში დედასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მამაც:

„მოდიოდა, ყურადღებიანი მშობელი იყო. ამ გოგონას გარდა, ჩვენს სკოლაში მისი და-ძმებიც სწავლობენ“.

„დიახ, ახლა შევიტყვეთ ეს ინფორმაცია. ნაყოფი დაიღუპა“, - გვეუბნება რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ამატებს: „სკოლას რაიმე რომ სცოდნოდა ძალადობის შესახებ, ჩვენ და შესაბამის უწყებებს აუცილებლად ჩაგვაყენებდა საქმის კურსში, არ დამალავდა. გოგონამ სკოლა გასულ წელს დაამთავრა და ამიტომ მასზე, როგორც სკოლის მოსწავლეზე აღარ გვქონია ინფორმაცია“.


მუშაობს თუ არა ოჯახთან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი? კლინიკის დატოვების შემდეგ, სად წავიდა არასრულწლოვანი გოგო - დაბრუნდა ოჯახში თუ გადაიყვანეს თავშესაფარში? როგორია ოჯახში მცხოვრები დანარჩენი არასრულწლოვნების მდგომარეობა? - რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით მიმართა ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს.

სააგენტოს პასუხი:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა.

არასრულწლოვანთან და მის ოჯახის წევრებთან მუშაობს სააგენტოს შესაბამისი რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგები.

შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე გაგრძელდება სოციალური სამუშაო. სააგენტოს მხრიდან დაიგეგმება და შემდგომ განხორციელდება ყველა საჭირო ღონისძიება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვალისწინებით“.


ფსიქოლოგი მაია ცირამუა, წლებია მუშაობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებთან. რატომ მალავენ ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, სექსუალური ძალადობის ფაქტებს, ის ამბობს, რომ ეს არის მოძალადის მხრიდან ჩანერგილი შიშისა და სირცხვილის დაუოკებელი განცდა:

„სექსუალური ძალადობა მდუმარე, ჩუმ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. მოძალადე ძალიან ხშირად მიმართავს ე.წ. პრევენციულ ზომებს, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვი იყოს დადუმებული. დაშინება, რომ ხმას თუ ამოიღებ, მოგკლავ ან საყვარელ ადამიანს მოგიკლავ, ან მაინც არ დაგიჯერებენ, ეს კარგად ნაცადი ხერხია. მთელი მექანიზმი აქვს მოძალადეს, რითაც ის ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვი ამაზე დუმდეს. შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გავიდეს და ადამიანმა ეს შიში ვერ დაძლიოს და ვერასდროს ამოიღოს ხმა“.

ფსიქოლოგის თქმით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 70-80% სწორედ ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან ხდება:

„მითია, რომ მოძალადე ძირითადად უცხო პირია. არა, მოძალადეთა უმრავლესობა სწორედ ახლობელია. ამიტომ, როცა ბავშვი იძლევა მინიშნებას, მის უახლოეს გარემოცვაში უნდა ვეძებოთ ეს ადამიანი. მოძალადე შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეზობელი, ნათესავი, აღმზრდელი და ა.შ.“

თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, სექტემბრის ჩათვლით, ცენტრში სქესობრივი დანაშაულის 97 არასრულწლოვანი მსხვერპლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. მსხვერპლთა უმრავლესობა გოგოა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.




წყარო: რადიო თავისუფლება

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
13:32 / 26.12.2024
საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.