პოლიციამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4
პირი დააკავეს.
დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი
ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და
1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე
დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ.
(მეტსახელად „კუდალა“).
1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის
20 იანვარს ნაცნობი - პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე
ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული
საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის
რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ
შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით
დაემუქრნენ.
ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და
ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში,
რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი
და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე,
ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს,
რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა
ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს,
მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.
ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს,
სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა
განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა
დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის
საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის
ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით "მარიხუანა".
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე
მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი
პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე
მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას,
ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.