ახალი ამბები
ბორჯომში ცოლის დაჭრაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ახალციხის რაიონულ სასამართლოში,
ბორჯომში დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის
მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული კაცის წინა
სასამართლო პროცესი გაიმართა.
ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გ.კ–მ სასამართლოზე განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში
პროტესტის ნიშნად 8 სმ-იანი რკინა გადაყლაპა, რადგან მის თხოვნას,
არამწეველების საკანში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ
აკმაყოფილებდნენ. დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ მას ბრალი
დაუმძიმდა და 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„თქვენი სასამართლოში პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება
შეიცვალა და ის უფრო დამძიმდა. თქვენ ბრალი გედებათ სსკ-ს 11 პრიმა
19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვე პუნქტით „დ“ ქვეპუნქტით, ასევე
მე-3 ნაწილების „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მუხლში ცვლილება შევიდა. ამ
დანაშული დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა სასჯელად დაგენიშნოთ
თავისუფლების აღკვეთა ვადით 16-დან 20 წლამდე. ეს ნიშნავს განზრახ
მკვლელობის მცდელობას გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ
განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის. ასევე ბრალი გედებათ სსკ-ს
126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვე პუნქტით, კანონი სასჯელად
ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 200-დან 400
საათამდე , ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3
წლამდე“, - განმარტა სხდომაზე მოსამართლე გიორგი
ლობჟანიძემ.
ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, რომ მას დანაშაულის ჩადენა არ ახსოვს
და დუმილის უფლებას იყენებს – „ერთი ეს მახსოვს, რომ
ჩემმა გოგომ დაიძახა“.
როგორც მან მოსამართლეს უთხრა, 8 სმ–იანი რკინის მეტალი გადაყლაპა,
რადგან მის მოთხოვნას – სხვა საკანში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ
აკმაყოფილებდნენ.
„როგორც „კონცლაგერში“ ისე მექცეოდნენ. ერთი თვე
ვიხვეწებოდი არამწეველების კამერაში გადავეყვანე. გაზის კამერაში რომ
შეაგდებდნენ ეგრე ვიყავი. სანამ რვა სანტიმეტრიანი რკინა არ
გადავყლაპე, არ გადამიყვანეს“, - თქვა ბრალდებულმა.
იგი წინააღმდეგი იყო პროცესი მედიას გაეშუქებინა – „არ
მსურს ჟურნალისტებმა გააშუქონ ჩემი საქმე, თორემ საერთოდ აღარ მოვალ
სასამართლოზე და დავტოვებ ყველაფერს“,- თქვა მან.
მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ სხდომა იყო საჯარო და მის
დახურვასთან დაკავშირებით კანონიერი შუამდგომლობა არ იყო
დაყენებული.
სასამართლო პროცესზე მხარეებმა გამოსაკვლევი მტკიცებულებების ნუსხა
წარადგინეს. ორივე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად
ცნეს, მაგრამ სადავო გახადეს.
პროკურორმა, თამუნა მურჯიკნელმა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში
დატოვება ითხოვა. როგორც მან განმარტა, კვალვ არსებობს მაღლი
ინტენსივობით საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე
ზემოქმედების განხორციელების.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არსებობს მაღალი საფრთხე
ახალი დანაშაულის ჩადენის, რასაც ადასტურებს ის გარემოება, თუ რა
კატეგორიის დანაშაულში ედება ბრალი ბარლდებულს. კერძოდ განზრახ
მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტზე, ოთხი დამამძიმებელი გარემოებით,
მათ შორის გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრების მიმართ.
ასევე მას დაუმძიმდა დანაშაული. ის ასევე იმყოფებოდა პირობითი
მსჯავრით, იგივე პირების მიმართ, როდესაც დანაშაული ჩაიდინა. ასევე
მას ეგონა, რომ მეუღლე მოკლა და პოლიციაში გაიგო, რომ მცდელობის
ფაქტზეა დაკავებული და არა დასრულებულ მკვლელობაზე, რამაც მისი
გაღიზიანება გამოიწვია და პოლიციასთან თქვა, რომ „რითი ვერ მოვკალი“.
აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულები, მოწმეები, ოჯახის წევრები არიან
გამოსაკითხი და შესაბამისად რისკები და საფრთხეები არსებობს, რომ
მათზე ზემოქმედება მოხდეს“, - განაცხადა
პროკურორმა.
ბრალდებულმა პროკურორს უთხრა, რომ იგი პოლიციას თავად ჩაბარდა,
შესაბამისად მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის საშიშროება არ არსებობს.
„მე რომ ძალადობა მდომებოდა პოლიციაში ჩემი ფეხით კი არ
მივიდოდი. წავიდოდი და გავივლიდი ვერც ვერავინ დამაკავებდა, სისულელეა
რასაც მეუბნებით. სიმართლე გითხრათ მე ჩემს ცოლთან საერთოდ არ მქონია
უთანხმოება, ის გველი რომელსაც ახსენებენ (სიდედრი) მესამედ მიკეთებს
ამას. რომელ კაცს არ შეუგინებია ოჯახში? რომელ კაცს არ უთქვამს
ხმამაღალი სიტყვა? გენდერულ თანასწორობას რომ გვახვევენ თავს ეგაა
ოჯახის დანგრევის მიზეზი“, - განაცხადა მან
პროცესზე.
მოსამართლემ გიორგი ლობჯანიძემ, პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და
ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 2022 წლის 9 აგვისტოს 14:00 საათზე
გაიმართება.
სასამართლო პროცეს ბრალდებული დედა, ოჯახის წვერები და მეგობრები
ესწრებოდნენ, პროცესის დასრულების შემდეგ არცერთმა მათგანმა ჩვენთან
კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში გ.კ-მ მიმდინარე წლის 1-ელ მაისს ცოლს
16-მდე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან
მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის
იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"
ამავე თემაზე:
ბორჯომში პოლიციამ ერთი პირი
დააკავა
გააზიარეთ :