ახალი ამბები
პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რუსეთის ხსენების გარეშე მიიღო
საქართველოს პარლამენტმა უკრაინის
მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს 74-მა დეპუტატმა
დაუჭირა მხარი.
ოპოზიციის დიდი ნაწილი დოკუმენტის ამ სახით მიღების წინააღმდეგი იყო,
ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. „ქართული ოცნების"
ოპონენტები მოითხოვდნენ ტექსტში რუსეთის ფედერაციის ხსენებას.
დოკუმენტს, რომელსაც
პარლამენტმა უყარა კენჭი, პარლამენტის რეზოლუცია “უკრაინაში შესაძლო
სამხედრო ესკალაციის შესახებ“ ეწოდება. მასში ნახსენები არ არის
რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი. დოკუმენტის ავტორი და
ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - გიორგი
ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე და თამარ
ტალიაშვილი.
“ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული რეზოლუცია ასეთი
შინაარსისაა:
“საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს
კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და
თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული
საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ
აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და
ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის
პრინციპებისა;
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის
გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს
მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ
რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის
სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით
ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად
მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო
თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი
შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების
გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით,
განაგრძოს უკრაინაში ომის არდაშვებაში თავისი წვლილის შეტანა“.
"სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლინება"
უწოდა რეზოლუციის პროექტში რუსეთის არხსენებას "მოქალაქეების" ლიდერმა
ალეკო ელისაშვილმა.
"რეზოლუციის ეს ტექსტი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი
პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტად. წლების შემდეგ არავის
გაახსენდება „ქართული ოცნება“ და მხოლოდ და მხოლოდ ეს რეზოლუცია
იქნება აღბეჭდილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ღირსებასა და
უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი
ტექსტი წამოვიდეს ჩვენგან", - განაცხადა ხატია
დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, 2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო
სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში
განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და
დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში
ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და
ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.
რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი
გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები,
კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26
იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია,
რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.
ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე
აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას
აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.
გააზიარეთ :